საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w26 იანვარი გვ. 26-31
  • ილაპარაკეთ სიმართლე მადლიანი სიტყვებით

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ილაპარაკეთ სიმართლე მადლიანი სიტყვებით
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2026
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲡᲐᲓ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲕᲜᲐ
  • ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲕᲘᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲝᲗ ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲔ
  • ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲗᲥᲕᲐᲗ ᲡᲐᲗᲥᲛᲔᲚᲘ
  • ᲠᲝᲓᲘᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲤᲔᲠᲘᲡᲘ ᲓᲠᲝ
  • არჩევთ სიმართლეს სიცრუისგან?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • მიიღეთ პასუხები ქვემოთ მოცემულ კითხვებზე
    2025-2026 წლის სარაიონო კონგრესის პროგრამა – სარაიონო ზედამხედველთან ერთად
  • თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • გადაწყვეტილებები, რომლებიც იეჰოვასადმი ნდობაზე მეტყველებს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2026
w26 იანვარი გვ. 26-31

30 ᲛᲐᲠᲢᲘ – 5 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2026

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 76 რას გრძნობ, რას განიცდი?

ილაპარაკეთ სიმართლე მადლიანი სიტყვებით

„თქვენი საუბარი ყოველთვის მადლიანი იყოს“ (ᲙᲝᲚ. 4:6).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

გავიგებთ, როგორ გავითვალისწინოთ მსმენელი, როცა მას ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვუზიარებთ.

1. რა შემთხვევაში ჩავითვლებით იეჰოვას ოჯახის წევრებად?

ᲠᲝᲪᲐ თანაქრისტიანს ვეცნობით, არ არსებობს, ეს კითხვა არ დავუსვათ: „როგორ გაიგე ჭეშმარიტება?“. ზოგი გვეუბნება, რომ ჭეშმარიტებაში გაიზარდა, ზოგიც ამბობს, რომ დიდი ხანი არაა, რაც ჭეშმარიტება გაიგო. ასეთ ფრაზებს იმიტომ ვიყენებთ, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება მთელ ჩვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, მათ შორის ჩვენს საუბარზე თუ საქციელზე. ეს გასაგებიცაა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩავითვლებით იეჰოვას ოჯახის წევრებად (ფსალმ. 15:1–3).

2. ა) რას ამბობდნენ იესოზე? ბ) როგორ მოქმედებდა ხალხზე ჭეშმარიტება, რომელსაც იესო ქადაგებდა?

2 იესო ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობდა. ამას მისი მოწინააღმდეგეებიც აღიარებდნენ. ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ იესო სიმართლის თქმისგან არც მაშინ იკავებდა თავს, როცა ეს სხვებს არ სიამოვნებდათ (მათ. 22:16). იესომ იცოდა, რა რეაქციას გამოიწვევდა ხალხში ჭეშმარიტება. მან თქვა: „მოვედი, რომ განხეთქილება ჩამოვაგდო მამასა და შვილს შორის, დედასა და ასულს შორის, რძალსა და დედამთილს შორის“ (მათ. 10:35). ცხადია, იესოს არ სურდა, ასეთი გამოხმაურება მოჰყოლოდა მისი და მისი მოწაფეების ქადაგებას, უბრალოდ რეალისტური მოლოდინი ჰქონდა (მათ. 23:37). ესმოდა, რომ ცნობა, რომელსაც ქადაგებდა, ხალხს ორ ბანაკად დაყოფდა: ზოგი შეიყვარებდა ჭეშმარიტებას, ზოგი კი – პირიქით (2 თეს. 2:9–11).

3. რაზე გამახვილდება სტატიაში ყურადღება?

3 ჩვენც ვცდილობთ, ყოველთვის სიმართლე ვილაპარაკოთ, თუნდაც ეს სხვებს არ სიამოვნებდეთ. ბიბლიური ჭეშმარიტება ბევრს აღიზიანებს, მაგრამ ამის გამო არ ვწყვეტთ ქადაგებას. არც ასეთი განწყობა გვაქვს: მთავარია, სიმართლე ვთქვათ და არა აქვს მნიშვნელობა, როდის და რა ფორმით ვიტყვით ამას. დასაწყისში შევიხსენოთ, თუ სად შეიძლება ჭეშმარიტების პოვნა. შემდეგ კი ვიმსჯელოთ ასეთ კითხვებზე: რატომ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე? როგორ გავაკეთოთ ეს ტაქტიანად და როგორ მივხვდეთ, როდის არის სიმართლის თქმისთვის შესაფერისი დრო? ამ კითხვებზე მსჯელობა დაგვეხმარება, ჭეშმარიტება მადლიანი სიტყვებით გადავცეთ ადამიანებს.

ᲡᲐᲓ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲕᲜᲐ

4. რატომ ვამბობთ, რომ იეჰოვა ჭეშმარიტების ღმერთია?

4 იეჰოვა ჭეშმარიტების წყაროა. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, სიმართლეა. მისი შეფასება სწორსა და არასწორზე ყოველთვის ზუსტია (ფსალმ. 19:9; 119:142, 151). მის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველებები თუ დაპირებები ყოველთვის სრულდება და თავის სიტყვას არასდროს გადადის (რიცხ. 23:19; ეს. 55:10, 11). ღვთის სიტყვიდან იმასაც ვიგებთ, რომ შეუძლებელია, იეჰოვამ იცრუოს (ტიტ. 1:2). აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გასაგებია, რატომაც ეწოდება მას ჭეშმარიტების ღმერთი (ფსალმ. 31:5).

5. რის საფუძველზე ვამბობთ, რომ ჭეშმარიტების ღმერთი მიუწვდომელი არ არის? (საქმეები 17:27).

5 დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ღმერთი არ არსებობს და რომც არსებობდეს, ვერ გავიგებთ, როგორია ის. ეს შეხედულება შორსაა სიმართლისგან. ჩვენ გარშემო ბევრი რამ ადასტურებს მის არსებობას (რომ. 1:20). ამას გარდა, აღსანიშნავია, რა უთხრა პავლემ ბერძენ მოაზროვნეებს, რომ ღმერთს სურს, ადამიანებმა მოძებნონ და გაიცნონ, რადგან ის შორს არ არის მათგან (წაიკითხეთ საქმეების 17:27). მეტიც, იეჰოვა თავად იზიდავს ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანებს (იოან. 6:44).

6. რა სწავლებები გვხვდება ბიბლიაში და განსაკუთრებით რომელს აფასებთ?

6 ღვთის გაცნობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ბიბლიის გამოკვლევაა, რადგან ის მისი შთაგონებით არის დაწერილი (2 პეტ. 1:20, 21). შესაბამისად, ყველაფერი, რაც ბიბლიაში ჩაიწერა, სრული ჭეშმარიტებაა და ჩვენს ნდობას იმსახურებს. მაგალითად, ეჭვი არ გვეპარება, რასაც ის ამბობს სამყაროს და სიცოცხლის წარმოშობაზე (დაბ. 1:1, 26). სარწმუნოა ისიც, რასაც ბიბლია ამბობს ცოდვაზე, ადამიანთა ტანჯვაზე და სიკვდილზე (რომ. 5:12; 6:23). გვჯერა, რომ იეჰოვა თავისი ძის მეშვეობით გამოასწორებს ყველაფერს რაც სატანამ, სიცრუის მამამ გამოიწვია (იოან. 8:44; რომ. 16:20). დარწმუნებული ვართ, რომ ბიბლიური დანაპირების თანახმად, იესო გაანადგურებს ბოროტებს, აღადგენს გარდაცვლილებს, დედამიწას სამოთხედ აქცევს და გაგვასრულყოფილებს (იოან. 11:25, 26; 1 იოან. 3:8). რამხელა პატივი დაგვდო იეჰოვამ, რომ გაგვიმჟღავნა ჭეშმარიტება და იმის შესაძლებლობაც მოგვცა, რომ სხვებს გავუზიაროთ (მათ. 28:19, 20).

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲕᲘᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲝᲗ ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲔ

7, 8. რატომ არის მნიშვნელოვანი მოტივი, როცა სიმართლეს ვამბობთ? მოიყვანეთ მაგალითი (მარკოზი 3:11, 12; იხილეთ სურათებიც).

7 როგორც უკვე ვთქვით, იეჰოვას ოჯახის წევრებად რომ ჩავითვალოთ, სიმართლეს უნდა ვლაპარაკობდეთ. მაგრამ მხოლოდ ის, რომ სიმართლეს ვამბობთ, შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. იეჰოვასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რატომ ვამბობთ სიმართლეს. გავიხსენოთ იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს მომხდარი შემთხვევა (წაიკითხეთ მარკოზის 3:11, 12). ერთხელ, როცა ის გალილეის ზღვასთან ქადაგებდა, ხალხის დიდმა ჯგუფმა მოიყარა თავი. ამ ადამიანებს შორის დემონებით შეპყრობილებიც იყვნენ, რომლებიც მის წინაშე ემხობოდნენ და ყვიროდნენ: „შენ ღვთის ძე ხარ!“ სიმართლეს კი ამბობდნენ, მაგრამ რა მოტივით? როგორც ჩანს, მათ ხალხის ნდობის მოპოვება სურდათ, რათა შემდეგ ღმერთისგან ჩამოეშორებინათ. თითქოს სიმართლე თქვეს, მაგრამ არა წრფელი მოტივით. იესო მიუხვდა მათ ჩანაფიქრს და საერთოდ აუკრძალა ლაპარაკი.

8 რას გვასწავლის ეს შემთხვევა? იეჰოვასთვის სულერთი არ არის, რა მოტივით ვამბობთ სიმართლეს. როცა ჭეშმარიტებას ვასწავლით, საქებარი სიტყვები კი არ უნდა შევიფეროთ, მთელი დიდება იეჰოვას უნდა მივაგოთ (მათ. 5:16; შეადარეთ საქმეების 14:12–15).

სურათებზე ნაჩვენებია კარგი და ცუდი მაგალითი: 1) და ახალგაზრდა ქალთან ბიბლიის შესწავლის დროს საკუთარ თავზე საუბრობს, ბიბლია კი ამობრუნებული უდევს მაგიდაზე; 2) იგივე სიტუაციაში დას ხელში გადაშლილი ბიბლია უჭირავს და შემსწავლელს მუხლს უჩვენებს.

როცა ვინმეს ასწავლით, ვისზე აკეთებთ აქცენტს? (იხილეთ აბზაცები 7, 8)


9. რას უნდა მოვერიდოთ და რატომ?

9 განვიხილოთ კიდევ ერთი სიტუაცია, რა დროსაც შეიძლება ცდუნება გაგვიჩნდეს, რომ დიდი ყურადღება მივიქციოთ საკუთარ თავზე. დავუშვათ, პასუხისმგებელმა ძმამ კონფიდენციალური ინფორმაცია გაგვანდო. ჩვენ კი ეს ინფორმაცია სხვებს გავუმჟღავნეთ. როცა ჩვენი ნათქვამი გამართლდება, ამ ადამიანებზე, ალბათ, შთაბეჭდილებას მოახდენს ის, რომ ასეთი ინფორმაცია მოგვანდეს. შესაძლოა მათ თვალში უფრო ავტორიტეტული გამოვჩნდეთ, მაგრამ იეჰოვა რას იფიქრებს ჩვენზე?! (იგავ. 11:13). მართალია, რაც ვთქვით, სიმართლე იყო, მაგრამ გვქონდა კი უფლება გაგვემჟღავნებინა და მეორეც, რამდენად გულწრფელი იყო ჩვენი მოტივი?!

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲗᲥᲕᲐᲗ ᲡᲐᲗᲥᲛᲔᲚᲘ

10. როგორია მადლიანი საუბარი? (კოლოსელები 4:6).

10 წაიკითხეთ კოლოსელების 4:6. პავლე მოციქულმა კოლოსელ ქრისტიანებს შეახსენა, რომ მათი საუბარი „ყოველთვის მადლიანი“ ყოფილიყო. დედნისეული ტექსტის მიხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ სასარგებლო ინფორმაცია კი არ უნდა გადავცეთ, არამედ ჩვენი საუბარი ტაქტიანი და თავაზიანიც უნდა იყოს.

11, 12. რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა ვქადაგებთ? მოიყვანეთ მაგალითი (იხილეთ სურათებიც).

11 როცა ვქადაგებთ, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ პავლეს რჩევა და მადლიანად ვისაუბროთ. ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, ჭეშმარიტება ბასრი მახვილივითაა, რომელიც ხორცისა და სულის გაყოფის ადგილამდე აღწევს, ანუ ადამიანს ღრმა გრძნობებისა თუ მოტივების გამორკვევაში ეხმარება (ებრ. 4:12). მაგრამ, თუ ბიბლიას დახელოვნებულად არ ვიყენებთ, შეიძლება ადამიანს ჩვენდა უნებურად შეურაცხყოფა მივაყენოთ ან სიტუაცია დავძაბოთ.

12 დავუშვათ, მსახურებაში შევხვდით მორწმუნე ადამიანს, რომელიც ხატებზე ლოცულობს და ოჯახთან ერთად ყოველთვის აღნიშნავს შობა-ახალ წელს და აღდგომის დღესასწაულს. ფაქტია, ბიბლიიდან შეგვეძლო დაგვენახვებინა, რამდენად აზრს მოკლებულია უსიცოცხლო საგნებზე ლოცვა და დაგვემტკიცებინა, რომ შობა-ახალი წელი და აღდგომა სინამდვილეში წარმართული დღესასწაულებია (ეს. 44:14–20; 2 კორ. 6:14–17). ამის თქმა სიმართლე კი იქნებოდა, მაგრამ ასე ნამდვილად ვერ გამოვიყენებდით ღვთის სიტყვას დახელოვნებულად, მით უმეტეს, რომ ადამიანს პირველად შევხვდით.

სურათებზე ნაჩვენებია კარგი და ცუდი მაგალითი: 1) იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმარი კარდაკარ მსახურების დროს ერთ მამაკაცს ვებსაიტზე jw.org უჩვენებს სტატიას „რას ამბობს ბიბლია შობის დღესასწაულზე?“. ფონზე ჩანს, რომ მისი ოჯახის წევრები ნაძვის ხეს რთავენ. კაცი მკლავებგადჭდობილი დგას და უკმაყოფილო გამომეტყველება აქვს; 2) იგივე სიტუაციაში წყვილი კაცს ვებსაიტზე jw.org აჩვენებს სტატიას „როგორი უნდა იყოს კარგი მამა?“. კაცი ღიმილიანი სახით უსმენს მათ.

საიდან ჩანს, რომ დახელოვნებულად ვასწავლით ჭეშმარიტებას? (იხილეთ აბზაცები 11, 12)a


13. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საუბარი მარილით იყოს შეზავებული?

13 პავლემ ისიც თქვა, რომ ქრისტიანების საუბარი მარილით უნდა იყოს შეზავებული. მას არ უგულისხმია, რომ სიმართლე უნდა შევნიღბოთ ან შევალამაზოთ. პავლეს იმის თქმა სურდა, რომ ჭეშმარიტებაზე საუბრისას მსმენელის „გემოვნება“ უნდა გავითვალისწინოთ (იობ. 12:11). ამის გაკეთება ყოველთვის ადვილი არაა. მაგალითად, საჭმლის მომზადებისას მარილს ჩვენი გემოვნებით ვყრით ხოლმე და ვფიქრობთ, რომ სხვებსაც მოეწონებათ. მსგავსად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენი საუბრის მანერა სხვებისთვის მისაღები იქნება. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში საკმაოდ პირდაპირ ამბობენ სათქმელს იმის მიუხედავად უფროსი ასაკის ადამიანს ესაუბრებიან თუ არა. მაგრამ სხვა კულტურაში ასეთი საუბარი მიუღებელი და შეურაცხმყოფელიც კია. როგორც პავლე გვირჩევს, უნდა ვიცოდეთ, „ვის როგორი პასუხი“ გავცეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიტყვები მხოლოდ საკუთარი გემოვნებით კი არ შევარჩიოთ, არამედ მსმენელის „გემოვნების“ და კულტურის გათვალისწინებით.

ᲠᲝᲓᲘᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲤᲔᲠᲘᲡᲘ ᲓᲠᲝ

14. რატომ არ ასწავლა იესომ მოწაფეებს ყველაფერი, რაც იცოდა?

14 იესოს საუბარი ყოველთვის მადლიანი იყო. დედამიწაზე ყოფნის დროს მან ბევრი რამ ასწავლა თავის მოწაფეებს (მარ. 6:34). თუმცა აღმოჩნდა, რომ მაინც ბევრი რამ ჰქონდათ სასწავლი. იესოს არ უცდია, რომ ყველაფერი, რაც იცოდა, ერთბაშად გადაეცა მათთვის. ის ითვალისწინებდა მოწაფეების შესაძლებლობებს; ესმოდა, რომ ზოგიერთ საკითხზე საუბარი ჯერ ადრე იყო, რადგან ვერ ჩასწვდებოდნენ (იოან. 16:12). რისი სწავლა შეგვიძლია იესოსგან?

15. რატომ არ უნდა ვასწავლოთ ბიბლიის შემსწავლელებს ყველაფერი ერთბაშად? (იგავები 25:11; იხილეთ სურათიც).

15 იესოს მაგალითიდან ვსწავლობთ, რომ გონივრული არ არის, ყველაფერი ერთბაშად ვასწავლოთ ადამიანს. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? მოდი დავუბრუნდეთ ზემოთ მოყვანილ მაგალითს. წარმოიდგინეთ, რომ ის ადამიანი, რომელსაც მსახურებაში შევხვდით, ბიბლიის შესწავლაზე დაგვთანხმდა. თუმცა შობა-ახალ წლამდე ერთი-ორი კვირაა დარჩენილი. იქნებოდა ჩვენი საუბარი მადლიანი, თუ მაშინვე ბიბლიის თვალსაზრისს ავუხსნიდით წარმართულ დღესასწაულებზე იმის მოლოდინით, რომ აღარ აღნიშნავდა ამ დღესასწაულს? მართალია, ზოგი ბიბლიის შემსწავლელი მალევე ითვალისწინებს ნასწავლს, მაგრამ ზოგს გასააზრებლად და ცვლილებების მოსახდენად მეტი დრო სჭირდება. შემსწავლელს სულიერ წინსვლაში დავეხმარებით, თუ სათქმელს შესაფერის დროს ვეტყვით, ანუ მაშინ, როცა შეძლებს ჩასწვდეს მას (წაიკითხეთ იგავების 25:11).

წინა სურათზე ნაჩვენები ცოლ-ქმარი მამაკაცთან განიხილავს ბროშურას „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. იქვე ჩანს ნაძვის ხეც.

იესოს მსგავსად შეარჩიეთ შესაფერისი დრო კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ და დაფიქრდით, რამდენის თქმა ღირს. (იხილეთ აბზაცი 15)


16. როგორ დავეხმაროთ შემსწავლელებს, იარონ „ჭეშმარიტების გზით“?

16 იმაზე დიდი სიხარული არ არსებობს, როცა ვინმეს იეჰოვას გაცნობაში და ჭეშმარიტების გაგებაში ვეხმარებით. რა უნდა გავაკეთოთ, რომ შემსწავლელებს „ჭეშმარიტების გზით“ სიარული გავუადვილოთ? (3 იოან. 3, 4). მნიშვნელოვანია, კარგი მაგალითი მივცეთ. ამას კი იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ჩვენი ცხოვრებიდან ჩანს, რომ გვწამს ღვთის სიტყვაში ჩაწერილი დანაპირების. სიმართლეს ყოველთვის წრფელი მოტივით ვამბობთ. ჭეშმარიტების გადასაცემად შესაფერის დროს ვარჩევთ და ტაქტიანად და თავაზიანად ვსაუბრობთ. დიდებას იეჰოვას მივაგებთ და აქცენტს საკუთარ თავზე არ ვაკეთებთ. ამგვარად იმასაც ცხადვყოფთ, რომ ჭეშმარიტების ღმერთს, იეჰოვას ვემსახურებით.

ᲠᲐ ᲘᲡᲬᲐᲕᲚᲔᲗ . . .

  • საქმეების 17:27-დან?

  • კოლოსელების 4:6-დან?

  • იგავების 25:11-დან?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 160 ვაცხადებთ სამეფოს ცნობას

a ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: პირველ სურათზე ჩანს, რომ ძმა მობინადრეს უჩვენებს სტატიას შობის დღესასწაულის წარმოშობაზე, რადგან სახლში ნაძვის ხე დაინახა. მეორე სურათზე კი იგივე ძმა მამაკაცს უჩვენებს სტატიას, სადაც პრაქტიკული რჩევებია მამებისთვის. თქვენი აზრით, რომელი მიდგომაა უფრო ეფექტური?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება