ბიბლიის წიგნი 49 — ეფესოელები
დამწერი: პავლე
დაწერის ადგილი: რომი
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 60—61
1. როდის და რა ვითარებაში მისწერა პავლემ წერილი ეფესოელებს?
წარმოიდგინეთ, რომ დაპატიმრებული ხართ. თქვენ დაგაპატიმრეს იმის გამო, რომ ქრისტიანი ხართ და გულმოდგინედ მსახურობდით მისიონერად. ვეღარ შეძლებთ მოგზაურობას, კრებების მონახულებასა და განმტკიცებას. რას გააკეთებთ? ისღა დაგრჩენიათ, რომ წერილები მისწეროთ მათ, ვინც თქვენი ქადაგების შედეგად გახდა ქრისტიანი. მათ, ალბათ, აინტერესებთ თქვენი მდგომარეობა და, შესაძლოა, გამხნევებაც სჭირდებათ. ასე რომ, იწყებთ წერილების წერას. სწორედ ასე მოიქცა პავლე მოციქული რომში პირველი პატიმრობის დროს, დაახლოებით ახ. წ. 59—61 წლებში. პავლე, რომელსაც კეისართან ჰქონდა გასაჩივრებული, შედარებითი თავისუფლებით სარგებლობდა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ელოდებოდა და დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მან ეფესოელებს რომიდან წერილი მისწერა, სავარაუდოდ, ახ. წ. 60 ან 61 წელს და ტიქიკეს ხელით გაუგზავნა, რომელსაც თან ონისიმე ახლდა (ეფეს. 6:21; კოლ. 4:7—9).
2, 3. რა ადასტურებს ამ წერილის კანონიკურობას და იმას, რომ ის პავლეს დაწერილია?
2 ამ წერილის პირველივე სიტყვებიდან ჩანს, რომ ის პავლემ დაწერა. წერილში ოთხი ადგილი მიუთითებს იმაზე, რომ მისი დამწერი იყო „პატიმარი უფალში“ (ეფეს. 1:1; 3:1, 13; 4:1; 6:20). არ არსებობს არგუმენტები იმის წინააღმდეგ, რომ ეს წერილი პავლეს დაწერილია. ჩესტერ ბიტის პაპირუსი №2 (P46), რომელიც დაახლოებით ახ. წ. 200 წლით თარიღდება, შეიცავს პავლეს წერილების 86 ფრაგმენტს. მათ შორისაა „ეფესოელები“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროისთვის ამ წიგნს პავლეს წერილებს მიაკუთვნებდნენ.
3 ადრინდელი საეკლესიო მწერლები ადასტურებენ, რომ ეს წერილი პავლემ მისწერა ეფესოელებს. მაგალითად, II საუკუნეში მოღვაწე ირინეოსი შემდეგნაირად ციტირებს ეფესოელების 5:30-ს: „როგორც ნეტარი პავლე ამბობს თავის ეპისტოლეში ეფესელთა მიმართ, ჩვენ მისი სხეულის ასოები ვართ“. მის თანამედროვე კლემენტ ალექსანდრიელს ციტატა მოჰყავს ეფესოელების 5:21-დან და ამბობს: „ამასთანავე ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ის წერს: დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთისმოშიშებით“. III საუკუნის დასაწყისში ორიგენე თავის ნაშრომში ეფესოელების 1:4-ს ციტირებდა: „თავის ეპისტოლეში ეფესელთა მიმართ მოციქულიც მსგავსად ამბობს, რომ მან აგვირჩია უწინარეს ქვეყნის შექმნისა“a. ევსები კესარიელი (დაახლ. ახ. წ. 260—340), ცნობილი ქრისტიანი მწერალი, „ეფესოელებს“ ბიბლიური კანონის ნაწილად მიიჩნევდა. ადრინდელი საეკლესიო მწერლების უმეტესობას მოხსენიებული აქვს „ეფესოელები“ როგორც წმინდა წერილების კანონიკური ნაწილიb.
4. რატომ ფიქრობს ზოგი, რომ ეს წერილი პავლეს ეფესოელებისთვის არ მიუწერია და რატომ არ არის ეს ასე?
4 ჩესტერ ბიტის პაპირუსში, ვატიკანის ხელნაწერსა (№1209) და სინურ ხელნაწერში პირველი თავის 1-ელ მუხლში არ გვხვდება სიტყვები „ეფესოში მყოფ“. ამრიგად, ამ ხელნაწერებში არ ჩანს, თუ ვის მისწერა ეს წერილი პავლემ. პავლე ამ წერილში არ უთვლის მოკითხვას ეფესოში მცხოვრებ ცალკეულ ქრისტიანებს (მიუხედავად იმისა, რომ იქ სამი წელი ცხოვრობდა). ამის გამო ზოგი ვარაუდობს, რომ ეს წერილი შესაძლოა პავლეს ეფესოელებისთვის არ მიუწერია ან მცირე აზიის ყველა (მათ შორის ეფესოს) კრებისთვის იყო დაწერილი. მაგრამ სხვა ხელნაწერების უმეტესობაში გვხვდება სიტყვები „ეფესოში მყოფ“; და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადრინდელი საეკლესიო მწერლებიც ეფესოელებს მიიჩნევდნენ ამ წერილის ადრესატებად.
5. როგორი ქალაქი იყო ეფესო პავლეს დროს?
5 ეფესოსთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალის ცოდნა უკეთ დაგვანახვებს ამ წერილის მიზანს. ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნეში ეფესო განთქმული იყო ასტროლოგიით, ჯადოქრობითა და ნაყოფიერების ქალღმერთის, არტემიდას, თაყვანისცემითc. არტემიდას ქანდაკება იდგა დიდებულ ტაძარში, რომელიც ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი იყო. XIX საუკუნეში ჩატარებულმა გათხრებმა ცხადყო, რომ ტაძრის ბაქანი სიგანეში 73 მეტრი იყო, ხოლო სიგრძეში 127 მეტრი. უშუალოდ ტაძრის სიგანე 50 მეტრი იყო, სიგრძე კი 105 მეტრი. მას ჰქონდა მარმარილოს 100 სვეტი, თითოეული 17 მეტრი სიმაღლის. ტაძარი გადახურული იყო თეთრი მარმარილოს ფილებით. როგორც ამბობენ, მარმარილოს ქვებს შორის დუღაბის ნაცვლად ოქრო იყო გამოყენებული. ტაძარი მსოფლიოს ყველა კუთხიდან მრავალ ადამიანს იზიდავდა და დღესასწაულების დროს ქალაქს ასიათასობით ადამიანი სტუმრობდა. ეფესოელი ვერცხლის მჭედლები პილიგრიმებისთვის არტემიდას პატარა ტაძრებს ამზადებდნენ და სარფიანად ვაჭრობდნენ.
6. რა საქმიანობით იყო დაკავებული პავლე ეფესოში?
6 მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს პავლე საქადაგებლად ცოტა ხნით დარჩა ეფესოში და საქმის გასაგრძელებლად იქ აკვილა და პრისკილა დატოვა (საქ. 18:18—21). მესამე მისიონერული მოგზაურობისას ის კვლავ ჩავიდა ეფესოში, სადაც სამი წელი ქადაგებდა და ასწავლიდა „უფლის გზას“ (საქ. 19:8—10; 20:31). ეფესოში პავლე ბევრს შრომობდა. თავის წიგნში ა. ბეილი წერს: „ჩვეულებრივ, პავლე თავისი ხელობით მუშაობდა გამთენიიდან დილის 11 საათამდე (საქ. 20:34, 35), როცა ტირანე სწავლებას ასრულებდა; შემდეგ 11-დან 4 საათამდე ქადაგებდა და მსჯელობდა მათთან ერთად, ვინც დახმარებას უწევდა . . . ამის შემდეგ კი, 4 საათიდან დაღამებამდე კარდაკარ ქადაგებდა (საქ. 20:20, 21, 31). საინტერესოა, როდისღა ასწრებდა ის ჭამას და დაძინებას“ (Daily Life in Bible Times, 1943, გვ. 308).
7. რა მოჰყვა პავლეს გულმოდგინე ქადაგებას?
7 პავლე ქადაგებისას გმობდა თაყვანისმცემლობაში გამოსახულებების გამოყენებას. ამან განარისხა ხელოსნები, მათ შორის ვერცხლის მჭედელი დემეტრიოსი. ქალაქში დაწყებული მღელვარების გამო პავლეს მოუწია იქაურობის დატოვება (საქ. 19:23—20:1).
8. რატომ იყო დროული პავლეს წერილი?
8 პატიმრობაში ყოფნისას პავლე ფიქრობდა პრობლემებზე, რომლებსაც კრების წევრები ხვდებოდნენ კერპთაყვანისმცემლებით სავსე ეფესოში, სადაც შთამბეჭდავი არტემიდას ტაძარი იდგა. ამ ცხებული ქრისტიანებისთვის ნამდვილად დროული იქნებოდა პავლეს მიერ მოყვანილი მაგალითი. პავლემ ისინი შეადარა „წმინდა ტაძარს“, რომელშიც იეჰოვაა დამკვიდრებული თავისი სულით (ეფეს. 2:21). ეფესოელებს უდავოდ ძალებს მისცემდა და ანუგეშებდა „წმინდა საიდუმლოს“ გაგება იმის შესახებ, თუ როგორ განაგებს ღმერთი ყოველივეს ისე, რომ იესო ქრისტეს მეშვეობით კვლავ აღადგინოს ერთიანობა და მშვიდობა (1:9, 10). პავლემ ყურადღება გაამახვილა იუდეველებისა და უცხოტომელების ერთობაზე. მან ეფესოელებს ერთსულოვნებისკენ მოუწოდა. ახლა უკეთ ვხედავთ ამ წერილის მიზანსა და ღირებულებას, აგრეთვე იმას, რომ ის აშკარად ღვთისგან არის შთაგონებული.
შინაარსი
9. როგორ გამოავლინა ღმერთმა დიდი სიყვარული ეფესოელი ქრისტიანების მიმართ და რისთვის ლოცულობს პავლე?
9 ღვთის განზრახვაა, რომ ქრისტეს მეშვეობით თავი მოუყაროს ყველაფერს (1:1—2:22). მოციქული პავლე მოკითხვას უთვლის ეფესოელ ქრისტიანებს. კურთხეულია ღმერთი, რომელიც დიდებულ წყალობას ავლენს. ღვთის წყალობა იმაში ვლინდება, რომ მან ისინი ‘ქრისტესთან ერთობაში აირჩია’. ეფესოელები გათავისუფლებულნი იყვნენ ქრისტეს მეშვეობით, მისივე სისხლით გადახდილი გამოსასყიდით. უფრო მეტიც, ღმერთმა დიდი სიყვარული გამოავლინა მათდამი თავისი ნების წმინდა საიდუმლოს გაცხადებით. ღმერთმა განიზრახა, რომ „კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს“ ქრისტეში, ვისთან ერთობაშიც დაინიშნნენ მემკვიდრეებად (1:10). ისინი წინასწარ იყვნენ ბეჭედდასმულნი წმინდა სულით, რაც მათი მემკვიდრეობის საწინდარია. პავლე ლოცულობს იმისათვის, რომ მათ უკეთ ესმოდეთ, თუ რა იმედისთვის მოუწოდა ღმერთმა და სჯეროდეთ, რომ ღმერთი მათ შემთხვევაშიც იმავე ძალას გამოიყენებს, რომლითაც მკვდრეთით აღადგინა ქრისტე და რომლითაც ყველა მთავრობასა და ხელისუფლებაზე მაღლა დააყენა და კრების თავად დანიშნა.
10. როგორ გახდნენ ეფესოელები „წმინდათა თანამოქალაქენი“?
10 გულმოწყალებით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით გააცოცხლა ისინი, როცა მკვდრები იყვნენ შეცოდებებში და დასხა „ზეცაში ქრისტე იესოსთან ერთობაში“ (2:6). ეს მოხდა ღვთის წყალობით და არა მათი საქმეების გამო. ქრისტე მათი მშვიდობაა. მან დაანგრია კედელი, მცნებების კანონი, რომელიც უცხოტომელებს იუდეველებისგან ყოფდა. ახლა ქრისტეს მეშვეობით ორივე ხალხს მიეცა მამასთან მისასვლელი. მაშასადამე, ეფესოელები არიან „წმინდათა თანამოქალაქენი“ და არა ხიზნები, და შენდებიან წმინდა ტაძრად, სადაც იეჰოვა დამკვიდრდება სულით (2:19).
11. რა არის „წმინდა საიდუმლო“ და რაზე ლოცულობს პავლე?
11 „წმინდა საიდუმლო ქრისტეს შესახებ“ (3:1—21). ღმერთმა თავის წმინდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს გაუცხადა „წმინდა საიდუმლო ქრისტეს შესახებ . . . რომ უცხოტომელები თანამემკვიდრეები, ერთი სხეულის ნაწილები და დანაპირების მოზიარეები უნდა იყვნენ ჩვენთან ერთად სასიხარულო ცნობის მეშვეობით ქრისტე იესოსთან ერთობაში“ (3:4, 6). ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით პავლე „ამის მსახური გახდა“, რათა სასიხარულო ცნობა ეუწყებინა ქრისტეს განუზომელი სიმდიდრის შესახებ და დაენახვებინა ადამიანებისთვის, როგორ წარიმართება წმინდა საიდუმლო. ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე კრების მეშვეობით უნდა გაცხადდეს. სწორედ ამიტომ ლოცულობს პავლე, რომ ისინი გაძლიერდნენ ღვთის სულის მეშვეობით, რათა შეიცნონ ქრისტეს სიყვარული, რაც ცოდნას აღემატება, და ესმოდეთ, რომ ღმერთს „შეუძლია იმაზე განუზომლად მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის“ (3:20).
12. ა) როგორ უნდა იარონ ქრისტიანებმა და რატომ? ბ) რა ძღვენი მოგვცა ქრისტემ და რა მიზნით? გ) რას ნიშნავს „ახალ პიროვნებად“ შემოსვა?
12 „ახალი პიროვნებით“ შემოსვა (4:1—5:20). ქრისტიანებმა მოწოდების ღირსად უნდა იარონ სრული თავმდაბლობით, სულგრძელობით, სიყვარულითა და მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით. ერთია სული, ერთია იმედი, ერთია რწმენა და „ერთია ყველას ღმერთი და მამა, რომელიც ყველაზე მაღლა დგას, ყველას მეშვეობით არის და ყველაშია“ (4:6). „წმინდების გამოსასწორებლად, მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად“ უფალმა ქრისტემ მოგვცა ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი — მახარობლად, ზოგი — მწყემსად და მასწავლებლად. ამიტომ პავლე წერს: „ჭეშმარიტება ვილაპარაკოთ და ყველაფერში სიყვარულით გავიზარდოთ მასში, ვინც არის თავი — ქრისტე“ (4:5, 12, 15). მისი სხეული თანაზომიერად არის შეერთებული და თითოეული ნაწილი თანამშრომლობისკენაა აღძრული. ყველამ უნდა მიატოვოს უზნეობისა და უმეცრების გზა, უნდა განიახლოს გონების აღმძვრელი ძალა და ‘შეიმოსოს ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით’. ყველანი ერთმანეთს ეკუთვნიან, ამიტომ მათ ჭეშმარიტება უნდა ილაპარაკონ, არ მოიპარონ და მოიშორონ რისხვა, ცუდი სიტყვა და გამწარება, რათა არ დაანაღვლიანონ ღვთის წმინდა სული. ისინი ‘კეთილად უნდა მოექცნენ ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნონ და მთელი გულით აპატიონ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა აპატია მთელი გულით ქრისტეს მეშვეობით’ (4:24, 32).
13. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, ღმერთს რომ მიჰბაძოს?
13 ყველამ უნდა მიჰბაძოს ღმერთს. სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი უნდა იხსენიებოდეს მათ შორის, რადგან ამის ჩამდენს არა აქვს მემკვიდრეობა სამეფოში. პავლე მოუწოდებს ეფესოელებს: „იარეთ, როგორც სინათლის შვილებმა“. ისინი კარგად უნდა დაუკვირდნენ იმას, თუ როგორ დადიან და გამოისყიდონ ხელსაყრელი დრო, „რადგან დღეები ბოროტია“. ისინი უნდა ჩასწვდნენ, „რა არის იეჰოვას ნება“. მათ ღვთის საქებარი სიტყვებით უნდა ილაპარაკონ (5:8, 15—17).
14. რა მოეთხოვებათ ცოლებსა და ქმრებს?
14 მორჩილების საკითხი, ქრისტიანული ბრძოლა (5:21—6:24). ცოლები უნდა დაემორჩილონ ქმრებს, როგორც კრება ემორჩილება ქრისტეს. ქმრებს უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც „ქრისტემ შეიყვარა კრება“, „ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (5:25, 33).
15. რა რჩევას აძლევს პავლე შვილებსა და მშობლებს, მონებსა და ბატონებს და რას ამბობს ის ქრისტიანის საჭურველზე?
15 შვილები უნდა ემორჩილებოდნენ მშობლებს და მათგან ღვთისმოსაწონ დარიგებას იღებდნენ. მონები და ბატონები ერთმანეთს ღვთისმოსაწონად უნდა მოექცნენ, რადგან ყველას „ბატონი ზეცაშია და ის მიკერძოებული არ არის“. ისინი უნდა გაძლიერდნენ „უფალში და მის ძლევამოსილებაში“, შეიმოსონ ღვთის სრული საჭურველი, რათა მტკიცედ დაუდგნენ ეშმაკს. მათ უნდა აიღონ „რწმენის დიდი ფარი“ და „სულის მახვილი, ანუ ღვთის სიტყვა“; უნდა იფხიზლონ და ილოცონ. პავლე ეფესოელებს სთხოვს, რომ მისთვისაც ილოცონ, რათა თამამად გახსნას ბაგე და აუწყოს „სასიხარულო ცნობის წმინდა საიდუმლო“ (6:9, 10, 16, 17, 19).
რატომ არის სასარგებლო
16. რა საკითხებია განხილული „ეფესოელებში“ და რა არის მასში ნათქვამი ახალ პიროვნებასთან დაკავშირებით?
16 „ეფესოელები“ ეხება ქრისტიანთა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს. თუ გავითვალისწინებთ მზარდ პრობლემებს და მსოფლიოში გავრცელებულ უკანონობას, პავლეს ჯანსაღი და პრაქტიკული რჩევები დღესაც დიდ დახმარებას გაუწევს მათ, ვისაც სურს იცხოვროს ღვთისმოსაწონად. როგორ უნდა ექცეოდნენ მშობლები და შვილები ერთმანეთს? რა პასუხისმგებლობები აკისრიათ მეუღლეებს ერთმანეთის წინაშე? რის გაკეთება მართებთ ქრისტიანული კრების წევრებს იმისათვის, რომ ამ ბოროტ ქვეყნიერებაში შეინარჩუნონ ერთიანობა, სიყვარული და სიწმინდე? პავლეს რჩევები ეხება სწორედ ამ საკითხებს. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, თუ რას ნიშნავს ახალი, ქრისტიანული პიროვნებით შემოსვა. „ეფესოელების“ გამოკვლევა კარგად დაგვანახვებს, თუ რა თვისებები მოსწონს ღმერთს და რა არის საჭირო ისეთ პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად, „რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (4:24—32; 6:1—4; 5:3—5, 15—20, 22—33).
17. რას ამბობს „ეფესოელები“ კრებასთან თანამშრომლობაზე?
17 ამ წერილიდან ასევე ვხედავთ, თუ რა მიზანი აქვს კრებაში სხვადასხვა პასუხისმგებლობას თუ დავალებას. ეს საჭიროა „წმინდების გამოსასწორებლად, მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად“. კრებასთან ყოველმხრივ თანამშრომლობა ქრისტიანს დაეხმარება, რომ ‘ყველაფერში სიყვარულით გაიზარდოს მასში, ვინც არის თავი — ქრისტე’ (4:12, 15).
18. რას ვიგებთ ამ წერილიდან „წმინდა საიდუმლოსა“ და სულიერი ტაძრის შესახებ?
18 ეს წერილი ეფესოს კრების წევრებს ‘ქრისტეს შესახებ წმინდა საიდუმლოს’ უკეთ გაგებაში დაეხმარებოდა. პავლემ ნათლად განმარტა, რომ მორწმუნე იუდეველებთან ერთად უცხოტომელებიც გახდნენ „თანამემკვიდრეები, ერთი სხეულის ნაწილები და დანაპირების მოზიარეები . . . სასიხარულო ცნობის მეშვეობით ქრისტე იესოსთან ერთობაში“. „მცნებების კანონი“, რომელიც კედელივით ყოფდა ერთმანეთისგან უცხოტომელებსა და იუდეველებს, გაუქმდა. ქრისტეს სისხლის საფუძველზე ყველანი გახდნენ წმინდათა თანამოქალაქენი და ღვთის ოჯახის წევრები. წარმართული არტემიდას ტაძრისგან განსხვავებით, ისინი იესო ქრისტესთან ერთობაში ‘წმინდა ტაძრად შენდებოდნენ იეჰოვასთვის’, სადაც ღმერთი უნდა დამკვიდრებულიყო სულით (3:4, 6; 2:15, 21).
19. რა იმედს გვაძლევს და როგორ გვამხნევებს ეფესოელებისთვის მიწერილი წერილი?
19 „წმინდა საიდუმლოსთან“ დაკავშირებით პავლემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ღმერთმა „ქრისტეში კვლავ [უნდა] მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ზეცაშია [ვინც ზეციერ სამეფოში იქნება] და რაც დედამიწაზეა [ვინც დედამიწაზე იცხოვრებს ამ სამეფოს ხელმძღვანელობით]“. ამრიგად, პავლე ყურადღებას ამახვილებს ღვთის დიდებულ განზრახვაზე, რომლის თანახმადაც უნდა აღდგეს მშვიდობა და ერთიანობა. ეფესოელებისთვის, რომლებსაც გაუნათდათ გულის თვალები, პავლე ლოცულობდა, რომ უფრო მეტად ჩასწვდომოდნენ იმას, თუ რა იმედისთვის მოუწოდა მათ ღმერთმა და „რა დიდებულ სიმდიდრეს უნახავს მემკვიდრეობად წმინდებს“. ეს სიტყვები მათ კიდევ უფრო განუმტკიცებდა იმედს. ღვთის შთაგონებით ეფესოელებისთვის მიწერილი ეს წერილი დღესაც განამტკიცებს კრებებს და გვეხმარება, ‘აღვივსოთ ყოველივე სისავსით, რასაც ღმერთი გვაძლევს’ (1:9—11, 18; 3:19).
[სქოლიოები]
a Origin and History of the Books of the Bible, 1868, კ. სტოუ, გვ. 357.
b New Bible Dictionary, მეორე გამოცემა, 1986, რედაქტორი ჯ. დაგლასი, გვ. 175.
c „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 182 (ინგლ.).