48 ᲡᲢᲔᲤᲐᲜᲔ
„რწმენითა და წმინდა სულით სავსე“
ᲘᲡ ᲐᲮᲚᲐ ებრაელთა უზენაესი სასამართლოს, სინედრიონის, წინაშე დგას. ეს ის სასამართლოა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ იესოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ასეთი შიშის მომგვრელი გარემოს მიუხედავად, ეს კაცი ისეთ საოცარ სიმშვიდეს ასხივებს, რომ „სახე ანგელოზის სახეს“ მიუგავს. როგორ ინარჩუნებს ეს ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ასეთ სიმშვიდესა და გაბედულებას? მოდი მეტი გავიგოთ ამ კაცის შესახებ, რომელსაც სტეფანე ერქვა.
ბიბლია სტეფანეს „რწმენითა და წმინდა სულით სავსეს“ უწოდებს. მას სანდო ადამიანის სახელი ჰქონდა, ამიტომ მოციქულებმა მეტად საპასუხისმგებლო საქმე ანდეს – რამდენიმე ძმასთან ერთად მას გაჭირვებულ თანამორწმუნეებზე ზრუნვა დაავალეს. ერთ დღეს ფანატიკურად განწყობილმა იუდეველებმა მას დავა დაუწყეს, მაგრამ სტეფანე იმდენად არგუმენტირებულად მსჯელობდა, რომ ვერაფერს გახდნენ. ამან ისინი ისე განარისხა, რომ ბრალი დასდეს სინედრიონის წინაშე. ასე აღმოჩნდა სტეფანე სასამართლოზე, რომელზეც მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გადაწყდებოდა.
სტეფანეს ალბათ ეცოდინებოდა, რას დაჰპირდა იესო თავის მიმდევრებს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ: „წინასწარ ნუ იდარდებთ იმაზე, რა თქვათ; რაც გაგიმჟღავნდებათ, ის თქვით. იმ დროს თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ წმინდა სული“ (მარ. 13:11). ეს სიტყვები სტეფანეს უდავოდ შემატებდა გამბედაობას. სწორედ წმინდა სულის დამსახურება იყო, რომ მას სინედრიონის წინაშე სიმშვიდე არ დაუკარგავს და „სახე ანგელოზის სახეს“ მიუგავდა.
სინედრიონი 71 წევრისგან შედგებოდა. ისინი კანონის მცოდნენი იყვნენ და საზოგადოებაში დიდი გავლენით სარგებლობდნენ. სინედრიონის წევრები დარბაზში ნახევარ წრეზე სამ რიგად ისხდნენ. მათ გარდა იქ ორი მწერალიც იყო, რომლებიც ყველაფერს იწერდნენ. სწორედ ამ დარბაზში ჰყავთ სტეფანე მიყვანილი, რომლის საქმის განხილვასაც მღვდელმთავარი კაიაფა უძღვება.
სტეფანეს კანონისა და ტაძრის წინააღმდეგ ლაპარაკში ადანაშაულებენ, რაც სასიკვდილო დანაშაულია. კაიაფა მას თავის მართლების საშუალებას აძლევს. სტეფანე საუბარს ებრაელი ხალხის ისტორიით იწყებს და თავიდან აბრაამზე ლაპარაკობს. შემდეგ იოსებზე მსჯელობს და ამბობს, რომ ის საკუთარმა ძმებმა გაყიდეს, რომლებიც მოგვიანებით ისრაელის მამამთავრები გახდნენ. ამის მერე მოსეზე განაგრძობს საუბარს და აღნიშნავს, რომ ხალხი ეურჩებოდა მას, როგორც ერის წინამძღოლს. ის მოსეს შესახებ ისეთ დეტალებსაც აღნიშნავს, რომლებიც ებრაულ წერილებში მოხსენიებული არ არის.
მისი სიტყვებიდან ღრმა პატივისცემა გამოსჭვივის როგორც მოსეს კანონის, ისე კარვისა და ტაძრის მიმართ. სტეფანეს საუბრიდან ისიც იკვეთება, რომ ღვთის ხალხი გამუდმებით ეურჩებოდა იეჰოვას წარმომადგენლებს.
სტეფანეს ისეთი სასამართლოს წინაშე მოუწია თავის დაცვა, რომელსაც მისი მოკვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.
სტეფანე აშკარად ხედავს, რომ ამ მამაკაცებს გული აქვთ გაქვავებული და მათგან შეწყალებას არ უნდა ელოდეს. იეჰოვაც თავისი სულით გამბედაობას მატებს მას და ამხელს იქ შეკრებილთ: „ჯიუტებო, . . თქვენ თქვენი წინაპრებივით ყოველთვის ეურჩებოდით წმინდა სულს!“. ის იმასაც ამბობს, რომ მათ გასცეს და მოკლეს მესია, „მართალი კაცი“, რომელზეც თავად მოსემ თქვა, რომ მასზე დიდი წინასწარმეტყველი მოვიდოდა.
ამის მოსმენაზე სინედრიონის წევრები ისე რისხდებიან, რომ „კბილებს აღრჭიალებენ“. სწორედ ამიტომ, იეჰოვამ უფრო მეტი გამბედაობა რომ შემატოს სტეფანეს, მას განსაკუთრებულ ხილვას აჩვენებს. სტეფანე ამ ხილვას ასე აღწერს: „ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს“. ამის თქმისთანავე ისინი გამძვინვარებული თავს ესხმიან სტეფანეს. როგორც ჩანს, მისი სიტყვები რამდენიმე კვირის წინ იესოს ნათქვამს ახსენებთ: „ამიერიდან კაცის ძეს ძლიერის მარჯვნივ მჯდომარეს . . . იხილავთ“ (მათ. 26:64). სტეფანეს ნათქვამიდან კი, ფაქტობრივად, ის ჩანს, რომ ეს სიტყვები შესრულდა – იესო ზეცაში იეჰოვას გვერდით დგას.
გაშმაგებული ბრბო ქალაქიდან მიათრევს სტეფანეს და ისინი მას ქვებს უშენენ. როგორც ჩანს, ის ჯერ კიდევ ხედავს ზეცაში მყოფ იესოს და ამიტომაც ეუბნება: „მიიღე ჩემი სული“. ამის შემდეგ კი უკანასკნელ სიტყვებს წარმოთქვამს და იეჰოვას შესთხოვს: „ნუ მოჰკითხავ მათ ამ ცოდვას!“. ეს თქვა და განისვენა. ასე გახდა სტეფანე პირველი წამებული ქრისტიანი. ამ გამძვინვარებულ ბრბოში ერთი ახალგაზრდაც იყო, რომელიც მის ჩაქოლვას იწონებდა. ალბათ მას არასდროს დაავიწყდებოდა სტეფანეს ბოლო სიტყვები. ამ მამაკაცზე უფრო მეტს 50-ე, 51-ე და 53-ე თავებში შევიტყობთ.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა სტეფანეს გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) რატომ დაავალეს მოციქულებმა სტეფანესა და „წმინდა სულითა და სიბრძნით სავსე“ სხვა მამაკაცებს გაჭირვებული ქვრივებისთვის საკვების განაწილება? (საქ. 6:3–5; bt 41, 42 ¶17, 18) სურათი 1
სურათი 1
2) რა დეტალებს ვიგებთ მოსეს შესახებ სტეფანეს სიტყვებიდან? (bt 48 ¶13, სქ.)
3) როგორ შეძლო სიმშვიდის შენარჩუნება სტეფანემ დევნის დროს? (w18.10 32)
4) იესოს მიმართავდა სტეფანე ლოცვით? (საქ. 7:59; w05 1/1 31)
რას სწავლობთ
სტეფანეზე ვკითხულობთ, რომ „რწმენითა და წმინდა სულით“ და „ღვთის მადლითა და ძალით სავსე“ იყო. მიუხედავად ამისა, არანაირ საქმეზე არ ამბობდა უარს (საქ. 6:2, 5, 8). როგორ შეუძლიათ სტეფანეს მიბაძვა ძმებს, რომლებიც გარკვეული უნარებით გამოირჩევიან ან რაიმე საპასუხისმგებლო საქმე აქვთ მინდობილი ორგანიზაციაში? სურათი 2
სურათი 2
რისი სწავლა შეგვიძლია სტეფანესგან, რომელმაც თავისი მდევნელებისთვის ილოცა? (მათ. 5:44–48)
როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ სტეფანეს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
სტეფანე იესომ თანამმართველად აირჩია. რატომ ხართ მადლიერი, რომ ასეთი მმართველი გეყოლებათ?
გაიგეთ მეტი
გაიგეთ, როგორ შეგვიძლია მივბაძოთ სტეფანეს და სხვებს გაბედულად, თუმცა იმავდროულად, პატივისცემით ვესაუბროთ საკუთარ მრწამსზე.
სტეფანეს მსგავსად, როგორ ინარჩუნებენ დევნების დროს თანამედროვე ქრისტიანები გაბედულებას?