საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg გვ. 246-255
  • იყავით გაბედული!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იყავით გაბედული!
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ლოცვის ძალა
  • „გამაგრდით!“
  • „გამბედაობა მოიკრიბე . . . და იმოქმედე!“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • თქვენ შეძლებთ გაბედულად იაროთ ღვთის გზით!
    გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • იყავ გაბედული!
    „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები-6
  • „მოიკრიბე გამბედაობა და გამაგრდი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg გვ. 246-255

ᲓᲐᲡᲙᲕᲜᲐ

იყავით გაბედული!

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

1. რაზე გავამახვილებთ ყურადღებას დასკვნით ნაწილში?

ᲐᲛ ᲬᲘᲒᲜᲨᲘ გაბედულებით გამორჩეული არაერთი ბიბლიური პერსონაჟის ისტორია განვიხილეთ და ისიც დავინახეთ, როგორ მივბაძოთ მათ. თუმცა ამ თვისების შესახებ ბიბლიიდან კიდევ ბევრს ვიგებთ. მაგალითად, მასში სხვა გაბედული ადამიანებიც არიან მოხსენიებული, რომლებზეც აქ არ გვისაუბრია. დასკვნით ნაწილში გვინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რის გარეშეც ვერ შევძლებთ ამ გაბედული ადამიანების მიბაძვას.

2. კიდევ რომელი ბიბლიური პერსონაჟები გამოირჩეოდნენ გაბედულებით?

2 ამ წიგნში განხილული ადამიანების გარდა კიდევ ვინ გახსენდებათ, ვისაც გაბედულება გამოარჩევდა? შეიძლება ისეთი მამაცი წინასწარმეტყველები გაგახსენდეთ, როგორებიც იყვნენ ესაია, იერემია, ეზეკიელი, იონა ან მალაქია. მათზეც შეიძლება ითქვას ის, რაც მოციქულმა პავლემ ღვთივშთაგონებით დაწერა: „ზოგიც დაცინვითა და გაშოლტვით, უფრო მეტიც, ბორკილებითა და საპყრობილეებით გამოიცადა. . . [ისინი] გაჭირვებას, ტანჯვასა და სასტიკ მოპყრობას იტანდნენ“ (ებრ. 11:36, 37). მიუხედავად იმისა, რომ ასეთ განსაცდელებს ხვდებოდნენ და ზოგჯერ მათ წამებითაც კლავდნენ, ისინი გაბედულად იკავებდნენ იეჰოვას მხარეს.

3, 4. როგორ დაიცვა საფრთხისგან ორმა ქალმა მეფე დავითი?

3 ბიბლიაში ბევრი ისეთი გაბედული ადამიანის ისტორიაცაა მოთხრობილი, რომელთა სახელებიც არ ვიცით. მაგალითად, გავიხსენოთ გაბედულებით გამორჩეული ორი ქალი, რომლებიც მეფე დავითის თანამედროვეები იყვნენ. ერთხელ აბესალომმა, რომელიც სასტიკი და ამაყი კაცი იყო, საკუთარი მამის ტახტიდან ჩამოგდება განიზრახა. ამის გამო მეფე დავითი იძულებული გახდა, იერუსალიმიდან გაქცეულიყო. მან ერთ გაბედულ მღვდელს, ცადოკს, დაავალა, იერუსალიმში დაბრუნებულიყო და აბესალომის გეგმების შესახებ მეტი გაეგო. მას შემდეგ, რაც ცადოკმა შეიტყო, რის გაკეთებას აპირებდა აბესალომი, ამ ამბის გადასაცემად მოახლე გოგო გაგზავნა. მართალია, ამ დავალების შესრულება შესაძლოა მოახლე გოგოს სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა, მაგრამ მან უკან არ დაიხია და ცადოკის დანაბარები დავითის ორ მომხრეს გადასცა. როცა ეს კაცები დავითის გასაფრთხილებლად წავიდნენ, ერთმა ყმაწვილმა დაინახა ისინი და ამის შესახებ აბესალომს ამცნო. თავის გადასარჩენად ისინი ერთი კაცის ჭაში დაიმალნენ, რომლის ცოლმაც ჭას თავზე დააფარა და ზედ ბურღული დააყარა. როცა მასთან აბესალომის გაგზავნილი კაცები მივიდნენ, მან არ გაამხილა დავითის მეგობრების ადგილსამყოფელი და ისინი არასწორი გზით გაუშვა. მართალია, ბიბლიაში არც იმ მოახლე გოგოს და არც ამ ქალის სახელია მოხსენიებული, მაგრამ იმას კი ვიგებთ, რომ სწორედ მათი გაბედულების წყალობით გადარჩა იეჰოვას მიერ არჩეული მეფე (2 სამ. 15:23–37; 17:8–22).

ფოტოკოლაჟზე ნაჩვენებია ორი ქალი, რომელთა სახელებიც ბიბლიაში მოხსენიებული არაა. მათ გაბედულად დაიცვეს მეფე დავითი: 1) მოახლე გოგო დავითის ორ მსახურს ესაუბრება; 2) ქალი, რომელმაც დავითის ორი მსახური თავისი ქმრის ჭაში დამალა, ჩაფიქრებული დგას სახლის შესასვლელთან, ის კაცები კი თავის გზაზე მიდიან.

გაბედული ქალები, რომლებმაც დავითის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს

4 ბიბლიაში სხვა ბევრი ასეთი ისტორიაა მოთხრობილი. ბევრს სახელით ვიცნობთ, ბევრის ვინაობაც უცნობია. ზოგი მდიდარი იყო, ზოგიც – ღარიბი, ზოგი ცნობილი ადამიანი იყო, ზოგი კი – ნაკლებად ცნობილი. თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებდათ – ისინი გაბედულად იკავებდნენ იეჰოვას მხარეს, რის გამოც მათი მაგალითები ჩვენთვის დღემდე დამხმარეა.

ლოცვის ძალა

5–7. როგორ მოიკრიბა პავლემ გამბედაობა სასტიკი წინააღმდეგობის დროს?

5 როგორ მივბაძოთ იმ გაბედულ ადამიანებს, რომელთა შესახებაც ბიბლია მოგვითხრობს? პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი ბუნებით მამაცი სულაც არ ყოფილა და მათ არც იმის წყალობით მოუკრებიათ გამბედაობა, რომ საკუთარ თავში იპოვეს საჭირო ძალა. მათი გაბედულების წყარო სულ სხვა რამ იყო.

6 გავიხსენოთ, რა გადახდა ერთხელ მოციქულ პავლეს. ფილიპეში ყოფნის დროს მას და სილას გახელებული ბრბო დაესხა თავს. მათ ტანსაცმელი შემოახიეს, გაჯოხეს და ფეხებზე ხუნდებდადებულები საპყრობილეში ჩაყარეს (საქ. 16:12, 19–24). ამ ყველაფრის გადატანის შემდეგ, ბუნებრივია, პავლეს შიში დაუფლებოდა. თუმცა გათავისუფლების შემდეგ მან გააგრძელა იეჰოვას დავალების შესრულება და თესალონიკისკენ აიღო გეზი. საიდან მოიკრიბა მან საჭირო ძალა და გამბედაობა?

7 აი, რა დაწერა მან მოგვიანებით: „მას შემდეგ, რაც ფილიპეში ვიტანჯეთ და შეურაცხგვყვეს, რაც თქვენც კარგად იცით, ჩვენი ღვთის დახმარებით გაბედულება მოვიკრიბეთ, რომ სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა გვეუწყებინა“ (1 თეს. 2:2). პავლემ კარგად უწყოდა, რომ იეჰოვას დავალების შესასრულებლად გამბედაობა სჭირდებოდა, მაგრამ როგორ უნდა მოეკრიბა ასეთი გაბედულება? საკუთარ თავში ხომ არ უნდა ეპოვა საჭირო ძალა? ამ კითხვებზე პასუხი მისივე სიტყვებიდან ჩანს. ამ თავმდაბალ კაცს კარგად ესმოდა, რომ გაბედულების წყარო იეჰოვა იყო და სწორედ მისთვის უნდა ეთხოვა დახმარება. იეჰოვამაც უპასუხოდ არ დატოვა მისი სათხოვარი.

8. როგორ მივბაძოთ პავლეს?

8 თუ პავლემ შეძლო გაბედულების გამოვლენა, თქვენც შეძლებთ. ნუ იფიქრებთ, რომ საამისოდ ბუნებით უნდა იყოთ გაბედულები ან საკუთარ თავში იპოვოთ საჭირო ძალა. პავლეს მსგავსად თქვენც იეჰოვას მიმართეთ დახმარებისთვის და ევედრეთ, რომ საჭირო გაბედულება შეგმატოთ (საქ. 4:29).

9. რატომ უნდა ვთხოვოთ ზეციერ მამას, რომ რწმენა გაგვიძლიეროს?

9 გაბედულებასთან ერთად იეჰოვას ისიც შეგიძლიათ სთხოვოთ, რომ რწმენა გაგიძლიეროთ. ეს ორი თვისება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. რწმენა ღვთის სულის ნაყოფში შედის და სულიერი საჭურვლის მნიშვნელოვანი ნაწილია (გალ. 5:22, 23; ეფეს. 6:16). მას იმხელა ძალა აქვს, რომ, როგორც ბიბლიაში წერია, მისით შეგვიძლია ქვეყნიერებას ვძლიოთ (1 იოან. 5:4). სწორედ იეჰოვასადმი რწმენა წარმოშობს ჩვენში გაბედულებას. თუ იოტისოდენა ეჭვიც არ შეგვეპარება, რომ გასაჭირში იეჰოვა ამოგვიდგება მხარში, წარმოუდგენლად დიდი გაბედულების გამოვლენას შევძლებთ. ამიტომ თითოეული ქრისტიანი იმავეს უნდა შევთხოვდეთ იეჰოვას, რაც მოციქულებმა ითხოვეს: „რწმენა გაგვიძლიერე“ (ლუკ. 17:5).

„გამაგრდით!“

10, 11. რატომ გაუმახვილა ყურადღება პავლემ ებრაელ ქრისტიანებს გაბედულებაზე?

10 როცა პავლემ იერუსალიმსა და მის შემოგარენში მცხოვრებ ებრაელ ქრისტიანებს მისწერა, მან იცოდა, რომ უკვე მოახლოებული იყო იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები იერუსალიმის განადგურება. ეს იმას ნიშნავდა, რომ მალე მათ მძიმე დრო დაუდგებოდათ (ლუკ. 19:41–44; 21:20–24). რა შეახსენა პავლემ მათ, რაც გაბედულების მოკრებაში დაეხმარებოდათ? იეჰოვას დაპირება, რომელიც ამ წიგნის შესავალშიც იყო ციტირებული: „არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“. სწორედ ეს დაპირება შემატებდათ მათ გაბედულებას. პავლემაც ხომ თქვა: „გულდაჯერებულნი ვამბობთ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?!“ (ებრ. 13:5, 6).

11 მართალია, ბიბლიიდან არ ვიცით, ზუსტად როგორ განვითარდა მოვლენები ახ. წ. 70 წელს, როცა იერუსალიმი განადგურდა, მაგრამ ერთ რამეში შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ: ერთგულმა ქრისტიანებმა გაითვალისწინეს პავლეს რჩევა. მათ გამბედაობა მოიკრიბეს და, იესოს მითითებისამებრ, საჭირო დროს მთებში გაიქცნენ (ლუკ. 21:20, 21).

12. ა) როგორ შეგიძლიათ მოიკრიბოთ გაბედულება რთულ დროს? ბ) როგორ ავლენენ ქრისტიანები გაბედულებას თანამედროვე დროს და თქვენ რისკენ აღგძრავთ მათი მაგალითი? (იხილეთ ჩარჩო „იყავით მათსავით გაბედული!“)

12 პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად სირთულეების დროს იეჰოვა ჩვენც შეგვმატებს გაბედულებას (ეზეკ. 38:1, 2, 10–12; მათ. 24:21). არასდროს დაგავიწყდეთ, რომ იეჰოვა თავად დაგვპირდა მფარველობას (ეზეკ. 38:19–23; 2 თეს. 3:3). ის არასდროს დატოვებს მარტო თავის მოყვარულებს, რომლებიც მასზე ამყარებენ იმედს. იეჰოვამ იესო ნავეს ძეს უთხრა: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი!“ (იეს. 1:7, 9, 18). ფაქტობრივად, ამ სიტყვებით იეჰოვა თითოეულ ჩვენგანსაც მოგვმართავს. არც ის დაგავიწყდეთ, რომ იესომაც გაამხნევა თავისი მიმდევრები მსგავსი სიტყვებით. ის მათ დაჰპირდა, რომ გაბედულების მოსაკრებად იეჰოვა წმინდა სულს მისცემდა. გჯეროდეთ, იესოს სიტყვები აუცილებლად შესრულდება და წმინდა სული ნებისმიერი სირთულის გადასატანად შეგმატებთ გაბედულებას (იოან. 14:26; 15:26, 27; 16:33).

ფოტოკოლაჟზე ნაჩვენები არიან და-ძმები, რომლებიც გაბედულად ხვდებიან სხვადასხვა განსაცდელს: 1) თინეიჯერი გოგონა თავდაჯერებულად იღიმის. მას ხელში უჭირავს სკოლის წიგნი და ბროშურა „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“; 2) ოჯახი ლტოლვილთა ბანაკშია. მშობლებს მკლავი აქვთ მოხვეული თავიანთი გოგონასთვის და სამივენი იღიმიან; 3) ახალგაზრდა ძმა, რომელიც პატიმრობაშია, ციხის გისოსებიდან ღიმილიანი სახით იყურება.

იეჰოვა გვპირდება, რომ თავისი წმინდა სულით ნებისმიერ სიტუაციაში შეგვმატებს გამბედაობას.

იყავით მათსავით გაბედული!

მარტინ და გერტრუდ პოეტზინგერები

მარტინ და გერტრუდ პოეტზინგერები

დაქორწინების შემდეგ მარტინი და გერტრუდი პიონერებად მსახურობდნენ, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა. 1936 წელს, დაქორწინებიდან, სულ რაღაც, სამთვე-ნახევარში მარტინი დააპატიმრეს და დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. მალევე გერტრუდიც დააპატიმრეს. მათ ცხრა წელი აღარ უნახავთ ერთმანეთი. თითქმის მთელი ამ დროის განმავლობაში ისიც კი არ იცოდნენ, კვლავ ნახავდნენ თუ არა ერთმანეთს ცოცხალს. თუმცა ორივეს გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლომდე ეერთგულათ იეჰოვასთვის. მოგვიანებით მარტინი მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც მას არაადამიანური სისასტიკით ეპყრობოდნენ. გერტრუდი სამწელიწად-ნახევარი სამარტოო საკანში ჰყავდათ, შემდეგ კი – ოთხი წელი რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში. მან მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გაიგო, რომ მარტინი ცოცხალი იყო და 100 იეჰოვას მოწმესთან ერთად მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა. გერტრუდმა ქმრის გათავისუფლების თხოვნით სამხედრო ოფიცერს მიმართა, რომელმაც არა მხოლოდ მარტინი, არამედ დანარჩენი მოწმეებიც გაათავისუფლა. ამის შემდეგ მარტინმა და გერტრუდმა ისევ ერთად გააგრძელეს სრული დროით მსახურება. რაღაც დროის შემდეგ ისინი ბრუკლინში (ნიუ-იორკი), ბეთელში მიიწვიეს, სადაც მარტინი იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელ საბჭოში დანიშნეს. ის ხშირად ეუბნებოდა თანაქრისტიანებს: „გაბედულება ყველაზე ფასეული თვისებაა, რაც კი შეიძლება ადამიანს გააჩნდეს“. მარტინიც და გერტრუდიც სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად და სიხარულით ემსახურებოდნენ იეჰოვას.

„გაბედულება ყველაზე ფასეული თვისებაა, რაც კი შეიძლება ადამიანს გააჩნდეს“ მ. პოეტზინგერი

ვალენტინა გარნოვსკაია

ვალენტინა გარნოვსკაია

ვალენტინა პირველად 1945 წელს შეხვდა ერთ იეჰოვას მოწმეს. მაშინ ის დაახლოებით 20 წლის იყო და ბელარუსში ცხოვრობდა. ვალენტინა კიდევ ორჯერ ესაუბრა ამ ძმას და ყოველ ჯერზე სულ უფრო იხიბლებოდა მოსმენილით. ამის შემდეგ მას ეს ძმა აღარასდროს უნახავს. სამწუხაროდ, ვალენტინამ ვერც სხვა იეჰოვას მოწმეებთან მოახერხა დაკავშირება, რადგან მათი რელიგია აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა, ის გაბედულად ესაუბრებოდა სხვებს იმის შესახებ, რისი გაგებაც მოასწრო. ამის გამო ის დააპატიმრეს და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. 1953 წელს, გათავისუფლებისთანავე, ვალენტინამ განაგრძო ბიბლიური ჭეშმარიტების სხვებისთვის გაზიარება. ამიტომ ის კვლავ დააკავეს და 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ბანაკში გადაჰყავდათ. ერთ-ერთ ბანაკში მან რამდენიმე იეჰოვას მოწმე ქალი გაიცნო, რომელთაც იმ დროისთვის აკრძალული წიგნი, ბიბლია, ჰქონდათ. პირველად ვალენტინამ ბიბლია 1945 წელს ნახა, როცა იმ ძმას ესაუბრა. ეს კი მეორე შემთხვევა იყო, როცა ბიბლიასთან ჰქონდა შეხება. ვალენტინა გათავისუფლების შემდეგ, 1967 წელს, მოინათლა და მთელი გულმოდგინებით ქადაგებდა, სანამ ორ წელიწადში კვლავ არ დააპატიმრეს. მას ამჯერად სამი წლით მიუსაჯეს პატიმრობა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვალენტინას არ შეუწყვეტია სასიხარულო ცნობის ქადაგება. ის 44 ადამიანს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში. ვალენტინა 2001 წელს გარდაიცვალა. მან თავისი განვლილი ცხოვრება ასე შეაფასა: „ჩემი კუთხე არასდროს მქონია. მთელი ჩემი ნივთები ერთ ჩემოდანში ეტეოდა, მაგრამ იეჰოვას მსახურებით ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი“.

„ჩემი კუთხე არასდროს მქონია. მთელი ჩემი ნივთები ერთ ჩემოდანში ეტეოდა, მაგრამ იეჰოვას მსახურებით ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი“ ვ. გარნოვსკაია

ალფრედო ფერნანდესი

ალფრედო ფერნანდესი

არგენტინაში მცხოვრები ალფრედო 20 წლამდე ასაკის იყო, როცა ჯარში გაიწვიეს. მას სინდისი ნებას არ რთავდა, რაიმე სახით მონაწილეობა მიეღო შეიარაღებულ დაპირისპირებებში, ამიტომ უარი თქვა ჯარში წასვლაზე. ამ მიზეზით ის დააპატიმრეს. ციხეში მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აწამებდნენ კიდეც. საშინელი პირობების მიუხედავად, ალფრედო აგრძელებდა ბიბლიის კითხვას და ჩანაწერებს აკეთებდა. მოსამართლემ მას უთხრა, რომ იმ შემთხვევაშიც კი გაათავისუფლებდა, თუ სასამართლოზე სამხედრო ფორმით წარდგებოდა. თუმცა მან მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც ციხეში დააბრუნეს. წამების გამო მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ციხის ექიმმა ისიც კი უთხრა, რომ შემდეგ ჯერზე მას მკვდარს მიუყვანდნენ. ალფრედო მიხვდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენოდა. ამიტომ ოჯახის წევრებს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: „ჩემო ძვირფასებო, ვისურვებდი, რომ თქვენთვის ასეთი წერილი არასდროს მომეწერა. თუმცა სიტუაცია მაიძულებს, ასე მოვიქცე. . . უზომოდ მადლიერი ვარ ჩვენი მოსიყვარულე მამის, იეჰოვასი, რომ თქვენი სახით ასეთი ოჯახი მაჩუქა. . . წარმომიდგენია, როგორ დაგამწუხრებთ ამ წერილის წაკითხვა. მაგრამ, გთხოვთ, აუტანელი ტკივილის მიუხედავად არ დაეცეთ! გამაგრდით! წმინდა წერილებით ინუგეშეთ თავი, ის ხომ მანუგეშებელი აზრების უშრეტი წყაროა! . . არასდროს დაივიწყოთ, რომ სიკვდილი დროებითია. იმედი მაქვს, ჩემზე ფიქრი ძალას შეგმატებთ, ბოლომდე მტკიცენი დარჩეთ“. ალფრედო 1982 წელს სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სიკვდილამდე იეჰოვას ერთგული დარჩა.

„გთხოვთ, აუტანელი ტკივილის მიუხედავად არ დაეცეთ! გამაგრდით!“ ა. ფერნანდესი

კარენ ოუმი

კარენ და რაინერ ოუმები

კარენი ახალგაზრდობიდანვე გულანთებული მქადაგებელი იყო. მას ყველა დადებით და მეგობრულ ადამიანად იცნობდა. ის თავიდან პიონერი იყო, რაინერზე დაქორწინების შემდეგ კი შეერთებული შტატების ბეთელში განაგრძო მსახურება. თუმცა ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა დაახლოებით 55 წლის ასაკში სასიკვდილო დაავადების, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის, დიაგნოზი დაუსვეს. ეს დაავადება ნერვულ უჯრედებს ანადგურებს, რაც კუნთების დასუსტებას, პარალიზებას და, საბოლოოდ, სიკვდილს იწვევს. კარენმა მაშინვე გადაწყვიტა, რომ დადებითი განწყობა შეენარჩუნებინა და დარჩენილი დრო საუკეთესოდ გამოეყენებინა. ის დიდ დროს უთმობდა პირად შესწავლას და ქადაგებას, თან ცდილობდა, ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრება ესწავლა. ნელ-ნელა მას მეტყველების უნარი წაერთვა, რის შემდეგაც სპეციალურ მოწყობილობაზე თვალის მოძრაობით ტექსტის აკრეფას დაეუფლა. ეს საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა კარენმა ისე კარგად აითვისა, რომ კრებისთვის კომენტარებსაც წერდა და მსახურებისთვის – წერილებს. ერთი და, რომელიც მას უვლიდა, იხსენებს: „კარენს არასდროს დაუწუწუნია, რაღა მე დამემართაო ასეთი რამ. სიკვდილამდე ორი კვირით ადრე მან წერილი მისწერა ჩემს დაინტერესებულს, რომელიც ასეთი სიტყვებით სრულდებოდა: „თუ ტირილი მოგინდება, ნებისმიერ დროს შეგიძლია დაიცალო ჩემთან“. მისი კიდევ ერთი მომვლელი იხსენებს: „კარენს თავისი დაავადების გამო არასდროს უტირია. ბევრი მიზეზი ჰქონდა, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილიყო. თუმცა იმდენად მტკიცედ სწამდა მკვდრეთით აღდგომის, რომ ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა მისცემოდა სასოწარკვეთილებას. მას ერთი წუთითაც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ იეჰოვა მკვდრეთით აღადგენდა და ყველა პრობლემას მოაშორებდა, რაც ტანჯავდა“. როცა კარენს ახალი გაგებული ჰქონდა დიაგნოზი, თავისმა ტყუპისცალმა ჰკითხა: „ასე მაგრად როგორ დგახარ?“. მან ძალიან მარტივად უპასუხა: „იეჰოვა მაძლევს საჭირო ძალას“. ეს მართლაც ასე იყო – იეჰოვა ბოლომდე აძლიერებდა კარენს. როდესაც ის გარდაიცვალა, ქმარმა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს კარენის მიერ მათთვის დაწერილი სამადლობელი და გამამხნევებელი წერილები გადასცა.

„იეჰოვა მაძლევს საჭირო ძალას“ კ. ოუმი

13. თქვენ რა გმატებთ გამბედაობას?

13 წარმოიდგინეთ ის დრო, როცა მთელ დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს, დრო, როდესაც იეჰოვა სიცოცხლეს დაუბრუნებს მათ, ვინც თავის მეხსიერებაში ჰყავს შემონახული. წარმოიდგინეთ, როგორ გაგახარებთ გაბედულ ღვთის მსახურებთან შეხვედრა, რომელთაგან ზოგზე ამ წიგნშიც ვისაუბრეთ. ღვთისადმი ერთგულება რომ შეენარჩუნებინათ, სატანის ქვეყნიერებაში მათ ბევრი განსაცდელის ატანა მოუწიათ, ზოგი სიცოცხლესაც კი გამოასალმეს. თუმცა როგორ ფიქრობთ, ინანებს რომელიმე მათგანი ამ არჩევანს ახალ ქვეყნიერებაში? რა თქმა უნდა, არა! ჩვენზე რისი თქმა შეიძლება? დარწმუნებული ვართ, ჩვენც არასდროს ვინანებთ, რომ ამ ბოლო დღეებში გაბედულად დავიკავეთ იეჰოვას მხარე. წინ ხომ უდიდესი სიხარული გველის – ჩვენ მათთან ერთად დედამიწას სამოთხედ გადავაქცევთ. ასე რომ, კვლავაც გამოავლინეთ გაბედულება და ამას არასდროს ინანებთ!

სხვადასხვა ასაკის და-ძმები, მათ შორის პატარები, სამოთხეში არიან. ზოგი ჟირაფებს აჭმევს, ზოგი კარაკალს აკვირდება, ზოგი პიცას აცხობს, ზოგი კი მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავს.
    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება