ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები
ნაწილი 11: დაეხმარე ახალ მაუწყებელს, გააკეთოს განმეორებითი მონახულებები
1 ბიბლიის შემსწავლელი როდესაც მსახურებას დაიწყებს, ის შეხვდება ადამიანებს, რომლებიც სასიხარულო ცნობისადმი ინტერესს გამოავლენენ. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ახალ მაუწყებელს, ეფექტური განმეორებითი მონახულებები გააკეთოს და მობინადრეს ინტერესი გაუღვივოს?
2 განმეორებით მონახულებას საფუძველი პირველივე საუბრისთანავე ეყრება. აღძარი შემსწავლელი, გულწრფელი ინტერესი გამოავლინოს მისადმი, ვისაც ესაუბრება (ფილ. 2:4). ასწავლე ახალ მაუწყებელს, რომ მობინადრეს აზრების გამოხატვის საშუალება მისცეს, მოუსმინოს და დაინახოს, თუ რა აწუხებს. როდესაც ვინმე ინტერესს ავლენს, ახალმა მაუწყებელმა ძირითადი ინფორმაცია უნდა ჩაიწეროს. ეს ჩანაწერი განმეორებითი მონახულებისთვის გამოიყენოს.
3 განმეორებითი მონახულებისთვის მომზადება: გადახედეთ პირველი შეხვედრისას გაკეთებულ ჩანაწერებს; შემსწავლელს აჩვენე, თუ როგორ გაამახვილოს იმ საკითხზე ყურადღება, რომელიც მობინადრეს დააინტერესებს (1 კორ. 9:19—23). ერთად მოამზადეთ მოკლე შეთავაზება, რომლის დროსაც შესასწავლი პუბლიკაციიდან აღებულ ერთ-ერთ აბზაცთან ერთად ბიბლიურ მუხლს განიხილავთ. გარდა ამისა, მოამზადეთ შეკითხვა, რომელსაც საუბრის ბოლოს დასვამთ და, რომელიც შემდეგ მონახულებას ჩაუყრის საფუძველს. აჩვენე ახალ მაუწყებელს, როგორ გაუღრმავოს მობინადრეს ღვთის სიტყვის შესახებ ცოდნა ყოველი მონახულებისას.
4 დამხმარეა ისიც, რომ ახალ მაუწყებელს ასწავლო, განმეორებითი მონახულებისას როგორ დაიწყოს ადვილი შესავლით საუბარი. მისალმების შემდეგ მაუწყებელმა მობინადრეს შეიძლება უთხრას: „წინა შეხვედრისას საინტერესო საუბარი გვქონდა და დავბრუნდი, რათა უფრო მეტი ბიბლიური ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ საკითხთან დაკავშირებით [მოიხსენიე ეს საკითხი]“. აგრეთვე აუხსენი მაუწყებელს, თუ კარს სხვა პიროვნება გაუღებს, რა უნდა უთხრას.
5 იყავი გულმოდგინე: პირადი მაგალითით აღძარი შემსწავლელი, მალევე გააკეთოს განმეორებითი მონახულება მასთან, ვინც ინტერესი გამოავლინა. შეიძლება მათი ნახვა შეუპოვრობას მოითხოვდეს. აუხსენი შემსწავლელს, რომ აუცილებელია მობინადრეს განმეორებითი მონახულების დრო დაუნიშნოს და უთხარი, რამდენად მნიშვნელოვანია დაპირებისამებრ მიაკითხოს (მათ. 5:37). ასწავლე ახალ მაუწყებელს, იყოს ტაქტიანი, ყურადღებიანი და თავაზიანი, როდესაც ცხვრისმაგვარ ადამიანებს ეძებს და ეხმარება ინტერესის გაღვივებაში (ტიტ. 3:2).