9–15 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2026
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 45 ჩემი გულის ზრახვები
თქვენ შეძლებთ უარყოფით გრძნობებთან გამკლავებას
„საწყალი ადამიანი ვარ!“ (ᲠᲝᲛ. 7:24).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
გავიგებთ, როგორ გავუმკლავდეთ უარყოფით ფიქრებსა თუ გრძნობებს.
1, 2. რა გრძნობები ეუფლებოდა ზოგჯერ პავლეს და რატომაა ეს ჩვენთვის საინტერესო? (რომაელები 7:21–24).
ᲠᲝᲪᲐ მოციქულ პავლეზე ვსაუბრობთ, ალბათ, გონებაში წარმოგვიდგება გაბედული მქადაგებელი, დახელოვნებული მასწავლებელი ან ბიბლიის არაერთი წიგნის დამწერი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ზოგჯერ უარყოფითი გრძნობებიც ეუფლებოდა და გულგატეხილობაშიც ვარდებოდა. მოკლედ თუ ვიტყვით, არც მისთვის ყოფილა უცხო ნეგატიური ემოციები.
2 წაიკითხეთ რომაელების 7:21–24. როცა რომაელებისთვის მიწერილ წერილში პავლეს სიტყვებს ვკითხულობთ, შესაძლოა ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს ის ჩვენს მდგომარეობას აღწერს. მართალია, პავლე ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს, მაგრამ მუდმივ შინაგან ბრძოლაში იყო – გულით სურდა, ღვთის მოსაწონად ეცხოვრა, თუმცა ცოდვილი მიდრეკილებები თავს არ ანებებდა. მას წარსულის მოგონებებიც მოსვენებას უკარგავდა და მოუგვარებელი პრობლემაც უმძიმებდა გულს.
3. რაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში? (იხილეთ სქოლიოც).
3 როცა უარყოფითი გრძნობებიa ეუფლებოდა ხოლმე, პავლე გარკვეულ ზომებს იღებდა, რომ არ აჰყოლოდა მათ. ამ სტატიაში შემდეგ კითხვებს გაეცემა პასუხი: რა იწვევდა პავლეში უარყოფით გრძნობებს? როგორ ებრძოდა მათ და ჩვენ როგორ გავუმკლავდეთ?
ᲠᲐ ᲘᲬᲕᲔᲕᲓᲐ ᲞᲐᲕᲚᲔᲨᲘ ᲣᲐᲠᲧᲝᲤᲘᲗ ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲔᲑᲡ
4. რა იწვევდა პავლეში უარყოფით გრძნობებს?
4 წარსულში დაშვებული შეცდომები. გაქრისტიანებამდე პავლემ ისეთი რაღაცები ჩაიდინა, რაც მოგვიანებით სანანებელი გაუხდა. მაგალითად, ის სტეფანეს ჩაქოლვას ესწრებოდა და მხარს უჭერდა ამ ქმედებას (საქ. 7:58; 8:1). გარდა ამისა, ქრისტიანების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე გახდა და სასტიკად დევნიდა მათ (საქ. 8:3; 26:9–11).
5. როგორ მოქმედებდა პავლეზე წარსული?
5 გაქრისტიანების შემდეგ მოციქულ პავლეს პერიოდულად წარსული ახსენებდა თავს. როგორც ჩანს, წლებთან ერთად კიდევ უფრო მეტად აწუხებდა ის ფაქტი, რომ ქრისტიანების უმოწყალო მდევნელი იყო. მაგალითად, დაახლოებით ახ. წ. 55 წელს ის კორინთელებს სწერდა: „არც იმის ღირსი ვარ, მოციქულად ვიწოდებოდე, რადგან ღვთის კრებას ვდევნიდი“ (1 კორ. 15:9). რამდენიმე წლის შემდეგ კი ეფესოელებისთვის მიწერილ წერილში ამბობდა, რომ „ყველა წმინდაზე უმცირესი“ იყო (ეფეს. 3:8). კიდევ უფრო მოგვიანებით ტიმოთეს მისწერა, რომ „წინათ ღვთისმგმობელი, მდევნელი და კადნიერი“ იყო (1 ტიმ. 1:13). კრებების მონახულებისას პავლე შეხვდებოდა იმ და-ძმებს ან მათ ოჯახის წევრებს, ვისაც ადრე დევნიდა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდა თავს ამ დროს მოციქული.
6. კიდევ რა აწუხებდა პავლეს? (იხილეთ სქოლიოც).
6 „სხეულში ეკალი“. პავლეს აგრეთვე აწუხებდა პრობლემა, რომელიც მისთვის ეკალივით იყო (2 კორ. 12:7). მოციქულს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა „ეკალში“, თუმცა ამ შედარებიდან ვხვდებით, რომ დიდ ტკივილს აყენებდა. ეს შეიძლება ფიზიკური თუ ემოციური პრობლემა ან სხვა რამ ყოფილიყო.b
7. როგორ მოქმედებდა პავლეზე სისუსტეები? (რომაელები 7:18, 19).
7 სისუსტეები. პავლე საკუთარ სისუსტეებსაც ებრძოდა (Წაიკითხეთ რომაელების 7:18, 19). მას ყოველთვის სურდა, ღვთისმოსაწონად მოქცეულიყო და ყველაფერს აკეთებდა, რომ ღვთის თვალში ღირსეული ადამიანი ყოფილიყო. მაგრამ ცოდვილი მიდრეკილებები ხელს უშლიდა, რის გამოც სულ ბრძოლა უწევდა (1 კორ. 9:27). ყოველი მარცხი, ალბათ, ძალიან მტკივნეული იქნებოდა მისთვის.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲛᲙᲚᲐᲕᲓᲔᲑᲝᲓᲐ ᲞᲐᲕᲚᲔ ᲣᲐᲠᲧᲝᲤᲘᲗ ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲔᲑᲡ
8. რა ეხმარებოდა პავლეს სისუსტეებთან ბრძოლაში?
8 როგორც პავლეს წერილებიდან ჩანს, მას ნაფიქრი ჰქონდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო წმინდა სულის დახმარება სისუსტეებთან გამკლავებაში (რომ. 8:13; გალ. 5:16, 17). ის ხშირად ახსენებდა არასწორ სურვილებსა თუ მიდრეკილებებს, რომლებსაც ქრისტიანები უნდა შებრძოლებოდნენ (გალ. 5:19–21, 26). რაზე მოწმობს მისი წერილები? პირველი, პავლეს კარგად ჰქონდა გააზრებული, რაზე უნდა ემუშავა. მეორე, წმინდა წერილებში ეძებდა შესაბამის პრინციპებს და, მესამე, ამ პრინციპების საფუძველზე სამოქმედო გეგმას ადგენდა. ეჭვგარეშეა, ის თავადაც ითვალისწინებდა იმ რჩევებს, რომლებსაც თანაქრისტიანებს აძლევდა.
9, 10. რა ეხმარებოდა პავლეს უარყოფით გრძნობებთან გამკლავებაში? (ეფესოელები 1:7; იხილეთ სურათიც).
9 პავლე დადებით განწყობას ინარჩუნებდა მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ უარყოფითი გრძნობები ეუფლებოდა. მაგალითად, მას სიხარულს ანიჭებდა თანაქრისტიანების შესახებ კარგი ამბების მოსმენა (2 კორ. 7:6, 7). კარგი მეგობრების ყოლაც ძალიან ახარებდა (2 ტიმ. 1:4). პავლეს სიხარულის კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ ღმერთს სუფთა სინდისით ემსახურებოდა და მის კეთილგანწყობაში ეჭვი არ ეპარებოდა (2 ტიმ. 1:3). არც რომში პატიმრობის დროს დაუკარგავს დადებითი განწყობა. პატიმარმა პავლემ თანაქრისტიანებს მოუწოდა: „იხარეთ უფალში“ (ფილ. 4:4). ამ სიტყვებს ნეგატიური ფიქრებით დამძიმებული ადამიანი ნამდვილად ვერ დაწერდა. აშკარაა, რომ პავლე უარყოფით გრძნობებს გასაქანს არ აძლევდა.
10 ამ ბრძოლაში მოციქულს ისიც ეხმარებოდა, რომ გამოსასყიდს პირადად მისთვის გაკეთებულ საჩუქრად მიიჩნევდა (გალ. 2:20; წაიკითხეთ ეფესოელების 1:7). ამიტომაც სჯეროდა, რომ იეჰოვამ ქრისტეს მეშვეობით აპატია წარსულში ჩადენილი ცოდვები (რომ. 7:24, 25). ასე რომ, შეცდომებისა თუ სისუსტეების მიუხედავად პავლეს შეეძლო ღმერთისთვის სიხარულით ემსახურა (ებრ. 9:12–14).
პავლეს ზოგჯერ წარსულის ცუდი მოგონებები გულს უმძიმებდა. უარყოფითი გრძნობების დაძლევაში მას გამოსასყიდზე ფიქრი ეხმარებოდა. (იხილეთ აბზაცები 9, 10)
11. როგორ გვამხნევებს პავლეს მაგალითი?
11 პავლესი არ იყოს, შესაძლოა ჩვენც მუდმივად გვიწევს არასწორ მიდრეკილებებთან ბრძოლა და საკუთარი ფიქრებისა თუ საქციელის კონტროლი. ამის გამო შეიძლება ჩვენც საწყალ ადამიანად ვთვლიდეთ თავს. ერთი ახალგაზრდა და ელიზაc ამბობს: „ძალიან მამხნევებს იმაზე ფიქრი, რომ პავლეც იმავეს გადიოდა, რასაც მე. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ იეჰოვამ ზუსტად იცის, რასთან გვიწევს გამკლავება“. რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ პავლეს მსგავსად სუფთა სინდისით და სიხარულით ვემსახუროთ იეჰოვას?
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲣᲛᲙᲚᲐᲕᲓᲔᲗ ᲣᲐᲠᲧᲝᲤᲘᲗ ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲔᲑᲡ
12. რატომაა მნიშვნელოვანი კარგი სულიერი განრიგი?
12 მიჰყევით სულიერ განრიგს. თუ კარგი სულიერი განრიგი გვექნება, დადებითზე ყურადღების გადატანა უფრო გაგვიადვილდება. მაგალითად, როცა ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვება – სწორად იკვებება, რეგულარულად ვარჯიშობს და საკმარისად სძინავს – ეს მის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. მსგავსი რამ ხდება მაშინაც, როცა სულიერ განრიგს მივყვებით: რეგულარულად ვკითხულობთ ბიბლიას, ვემზადებით კრებისთვის, ვმონაწილეობთ განხილვაში და ვქადაგებთ. ამის წყალობით თავს უკეთ ვგრძნობთ და უარყოფით ფიქრებსაც უფრო ადვილად ვერევით (რომ. 12:11, 12).
13, 14. როგორ ეხმარება ჩვენს და-ძმებს სულიერი განრიგის მიყოლა? მოიყვანეთ მაგალითები.
13 სულიერი განრიგის მიყოლა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამას თანაქრისტიანების შემთხვევებიდანაც კარგად ვხედავთ. მაგალითად, ერთ ძმას, ჯონს, 39 წლის ასაკში კიბოს იშვიათი ფორმა დაუდგინდა. თავიდან ის ძალიან დაითრგუნა. ვერ იჯერებდა, რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში შეიძლებოდა დამართნოდა მსგავსი რამ. თანაც, სამი წლის შვილი ჰყავდა. რა დაეხმარა ჯონს ემოციური წონასწორობის დაბრუნებაში? ის ამბობს: „გამოფიტული ვიყავი, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩემი ოჯახი ფორმიდან არ ამოვარდნილიყო. კრებებს არ ვაცდენდით, ყოველ კვირა ვქადაგებდით და ოჯახურ შესწავლასაც ყოველთვის ვატარებდით. არადა, ზოგჯერ ეს მართლა არ იყო ადვილი“. აი კიდევ რას აღნიშნავს ის: „საკუთარ თავზე გამოვცადე, პირველი შოკის მერე როგორ მაგრძნობინა იეჰოვამ სიყვარული და როგორ გამაძლიერა. ნეგატიური ემოციები სადღაც გაქრა. გჯეროდეთ, იეჰოვა თქვენც გაგაძლიერებთ“.
14 ზემოთ მოხსენიებული ელიზა ამბობს: „ყოველ ჯერზე, როცა კრებას ვესწრები ან პირადი შესწავლა მაქვს, იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობაში ვრწმუნდები. ეს ძალიან მაბედნიერებს“. ერთი სარაიონო ზედამხედველი ნოლანი, რომელიც აფრიკაში მსახურობს, გვიზიარებს თავის და თავისი მეუღლის, დიანის, გამოცდილებას: „რა მძიმე ემოციურ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ სულიერ განრიგს. და ვგრძნობთ კიდეც, როგორ გვეხმარება იეჰოვა განწყობის გამოკეთებაში. ასეთ მომენტებში ერთმანეთს ვახსენებთ ხოლმე, რომ იეჰოვა მარტო არ დაგვტოვებს. არ ვიცით, რას როგორ გააკეთებს, მაგრამ გვჯერა, რომ თავის ხელს აუცილებლად გვაგრძნობინებს“.
15. რისი გაკეთება შეიძლება გახდეს საჭირო? მოიყვანეთ მაგალითი.
15 თუ უარყოფითი ფიქრები არა და არ გვშორდება, შეიძლება მეტი რამის გაკეთება გახდეს საჭირო. ამის უკეთ დასანახვებლად მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: წარმოიდგინეთ, რომ წელი აგტკივდათ. ამ დროს უბრალოდ მტკივნეული ადგილის დამასაჟებამ შეიძლება არ გიშველოთ. მიზეზი რომ გაიგოთ, ალბათ, ინფორმაციას მოიძიებთ ან ექიმთან მიხვალთ. მსგავსად, უარყოფით გრძნობებს რომ გავუმკლავდეთ, შეიძლება საჭირო გახდეს, ამ საკითხზე ბიბლიასა და ბიბლიურ პუბლიკაციებში მოვიძიოთ ინფორმაცია ან მოწიფულ ქრისტიანს ვთხოვოთ დახმარება. ქვემოთ რამდენიმე კონკრეტულ რჩევას განვიხილავთ.
16. რა დაგვეხმარება მიზეზის დადგენაში? (ფსალმუნი 139:1–4, 23, 24).
16 ლოცვაში სთხოვეთ იეჰოვას დახმარება. მეფე დავითს კარგად ესმოდა, რომ იეჰოვამ ყველაფერი იცოდა მის შესახებ. ამიტომაც სთხოვა მას, დაენახვებინა, რა უფორიაქებდა სულს (წაიკითხეთ ფსალმუნის 139:1–4, 23, 24). თქვენც სთხოვეთ იეჰოვას, დაგანახვოთ, რატომ გეუფლებათ უარყოფითი გრძნობები და როგორ მოერიოთ მათ. კარგი იქნება, შემდეგ კითხვებზე დაფიქრდეთ: რა იწვევს ჩემში უარყოფით ემოციებს? როდის მიჩნდება ხოლმე მსგავსი გრძნობები? გასაქანს ხომ არ ვაძლევ ცუდ ფიქრებს თუ ვცდილობ, მალევე ამოვიგდო თავიდან და დადებითზე გადავერთო?
17. რა საკითხების გამოკვლევა დაგეხმარებათ, რომ დადებითზე კონცენტრირდეთ? (იხილეთ სურათიც).
17 გამოიკვლიეთ ისეთი საკითხები, რომლებიც თქვენს მდგომარეობას მიესადაგება. კარგი იქნება, თუ პერიოდულად დროს დაუთმობთ იეჰოვას თვისებების გამოკვლევას. მოციქულ პავლეს ძალიან ეხმარებოდა გამოსასყიდზე და იეჰოვას მიმტევებლობაზე ფიქრი. ეს შეიძლება თქვენთვისაც დამხმარე აღმოჩნდეს. „საკვლევი სახელმძღვანელოს“, „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებლის“ და სხვა საკვლევი საშუალებების დახმარებით შეგიძლიათ ისეთი საკითხები გამოიკვლიოთ, როგორებიცაა გულმოწყალება, პატიება, სიკეთე და ურყევი სიყვარული. შეადგინეთ თქვენთვის გამამხნევებელი სტატიების სია და ისეთ ადგილას შეინახეთ, სადაც ადვილად მიაგნებთ. ყოველთვის, როცა უარყოფითი ფიქრები მოგეძალებათ, გადახედეთ ამ სტატიებს და შეეცადეთ, წაკითხული თქვენს თავს დაუკავშიროთ (ფილ. 4:8).
ისეთი საკითხები აირჩიეთ გამოსაკვლევად, რომლებიც ნეგატიურ ფიქრებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. (იხილეთ აბზაცი 17)
18. რა საკითხების გამოკვლევა დაეხმარა ჩვენს ზოგიერთ და-ძმას?
18 ზემოთ ნახსენებმა ელიზამ გადაწყვიტა, რომ უკეთ გაცნობოდა იობის ისტორიას. ის ამბობს: „ჩემთვის ძალიან ნაცნობია იობის გრძნობები. მას ერთიმეორის მიყოლებით დაატყდა განსაცდელები. მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა, რატომ იყო ასეთ დღეში, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ კარგავდა იეჰოვასადმი ნდობას“ (იობ. 42:1–6). ზემოხსენებული დიანი კი აღნიშნავს: „ოჯახური შესწავლის დროს მე და ჩემი მეუღლე წიგნს „დაუახლოვდი იეჰოვას“ განვიხილავთ. ვხედავთ, რომ იეჰოვა მეთუნესავით გვძერწავს. ვცდილობთ, აქცენტი იმაზე კი არ გავაკეთოთ, რა არ გამოგვდის კარგად, არამედ იმაზე, როგორ გვაყალიბებს იეჰოვა უკეთეს ადამიანებად. ეს უფრო გვაახლოებს მასთან“ (ეს. 64:8).
ᲒᲥᲝᲜᲓᲔᲗ ᲘᲛᲔᲓᲘᲐᲜᲘ ᲒᲐᲜᲬᲧᲝᲑᲐ
19. რა გრძნობები შეიძლება დაგვეუფლოს, მაგრამ რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული?
19 მაშინაც კი, თუ მივყვებით სულიერ განრიგს და ისეთ საკითხებს ვიკვლევთ, რომლებიც ჩვენს მდგომარეობას მიესადაგება, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ უარყოფითი გრძნობები უგზო-უკვლოდ გაქრება. დროდადრო მაინც შეიძლება ცუდ გუნებაზე დავდგეთ. თუმცა იეჰოვას დახმარებით შევძლებთ დადებითზე ვკონცენტრირდეთ და შინაგანი სიმშვიდე ვიგრძნოთ. ჩვენ ბევრი მიზეზი გვაქვს, არ დავკარგოთ ცხოვრების ხალისი და სიხარულით და სუფთა სინდისით გავაგრძელოთ იეჰოვას მსახურება.
20. რისი მოტივაცია მოგცათ ამ სტატიამ?
20 მოდი ყველანაირად შევეცადოთ, რომ ჩვენი სისუსტეების, შეცდომებისა თუ პრობლემების მიუხედავად პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ. იეჰოვას დახმარებით ნამდვილად შევძლებთ თავი ხელში ავიყვანოთ და შინაგანი სიმშვიდე ვიგრძნოთ (ფსალმ. 143:10). მთელი გულით ველით იმ დროს, როცა ძალისხმევის ფასად არ მოგვიწევს კარგ განწყობაზე ყოფნა. ყოველდღე პოზიტიური აზრებით გავიღვიძებთ და სიხარულით გავაგრძელებთ ჩვენი მოსიყვარულე მამის, იეჰოვას, მსახურებას!
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 34 ვიაროთ უმწიკვლოდ
a ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: ამ სტატიაში ფრაზა „უარყოფითი გრძნობები“ ისეთ მდგომარეობაზე მიუთითებს, როცა ადამიანი პერიოდულად ცუდ განწყობაზე დგება ან მოულოდნელად გუნება-განწყობილება ეცვლება. ეს არ უნდა აგვერიოს დეპრესიაში, რაც ხანგრძლივად გრძელდება და ექიმის დახმარებას საჭიროებს.
b პავლეს წერილებიდან ჩანს, რომ მას მხედველობის პრობლემა ჰქონდა. ცხადია, ამის გამო წერაც გაუჭირდებოდა და, ზოგადად, მსახურებაც (გალ. 4:15; 6:11). ან შესაძლოა პავლეს წუხილის მიზეზი ის იყო, რასაც ცრუმოციქულები მასზე ამბობდნენ (2 კორ. 10:10; 11:5, 13). როგორც არ უნდა ყოფილიყო, პავლე დროდადრო ემოციურ ტკივილის განიცდიდა.
c ზოგი სახელი შეცვლილია.