ოსია*
1 იეჰოვას სიტყვა+ გამოეცხადა ოსიას,+ ბეერის ვაჟს, იუდას მეფეების — უზიას,+ იოთამის,+ ახაზისა+ და ხიზკიას+ დროს+ და ისრაელის მეფის, იერობოამის,+ იოაშის ვაჟის+ დროს. 2 როცა იეჰოვამ ოსიას პირით დაიწყო ლაპარაკი, უთხრა იეჰოვამ ოსიას: „წადი,+ მოიყვანე ცოლი, რომელიც გაირყვნება, და იყოლიე შვილები, რომლებსაც გარყვნილებით გააჩენს, რადგან გარყვნილების გამო არ მიჰყვება ქვეყანა იეჰოვას“.+
3 წავიდა და მოიყვანა მან გომერი, დიბლაიმის ასული. ის დაორსულდა და ვაჟი გაუჩინა მას.+
4 უთხრა იეჰოვამ ოსიას: „დაარქვი მას იზრეელი*,+ რადგან ცოტაც და პასუხს მოვთხოვ იეჰუს+ სახლს იზრეელში დაღვრილი სისხლისთვის და შევწყვეტ ისრაელის სახლის მეფობას.+ 5 იმ დღეს გადავტეხ ისრაელის მშვილდს+ იზრეელის ველზე“.
6 კვლავ დაორსულდა ქალი და გააჩინა ასული. უთხრა ღმერთმა ოსიას: „დაარქვი მას ლო-რუხამა*,+ რადგან აღარ შევიწყალებ+ ისრაელის სახლს და განვდევნი მათ.+ 7 იუდას სახლს კი შევიწყალებ+ და ვიხსნი მათ მე, იეჰოვა, მათი ღმერთი;+ მშვილდით, მახვილით, ომით, ცხენითა თუ მხედრით არ ვიხსნი მათ“.+
8 ძუძუს მოსწყვიტა ქალმა ლო-რუხამა, კვლავ დაორსულდა და ვაჟი გააჩინა. 9 თქვა ღმერთმა: „დაარქვი მას ლო-ამი*, რადგან თქვენ არა ხართ ჩემი ხალხი; არც მე ვიქნები თქვენი ღმერთი.
10 ისრაელის ძეების რიცხვი ზღვის ქვიშასავით გახდება, რაც ვერც გაიზომება და ვერც დაითვლება.+ იმ ადგილას, სადაც ეუბნებოდნენ, ჩემი ხალხი არა ხართო,+ ეტყვიან, ცოცხალი ღვთის ძეები ხართო.+ 11 იუდას ძეები და ისრაელის ძეები ერთად შეიკრიბებიან,+ ერთ თავკაცს დაიყენებენ და გამოვლენ ქვეყნიდან,+ რადგან დიდებული იქნება იზრეელის დღე“.+
2 «უთხარით თქვენს ძმებს: ჩემო ხალხო!+ და თქვენს დებს: შეწყალებულო ქალო!+ 2 სასამართლოში ედავეთ დედათქვენს,+ სასამართლოში ედავეთ, რადგან ის აღარ არის ჩემი ცოლი+ და მე აღარა ვარ მისი ქმარი.+ თავიდან მოიშოროს გარყვნილება და მრუშობა — ძუძუებიდან,+ 3 რათა არ გავაშიშვლო+ და არ გამოვაჩინო ისეთი, როგორიც დაბადებისას+ იყო, არ ვაქციო უდაბნოსავით+ და უწყლო მიწასავით+ და არ მოვკლა წყურვილით.+ 4 არ შევიწყალებ მის ვაჟებს,+ რადგან გარყვნილების ვაჟები არიან.+ 5 გარყვნილებას სჩადის მათი დედა.+ სამარცხვინოდ იქცევა+ ის, ვინც ორსულად იყო მათზე, და ამბობს: „მინდა გავყვე მათ, ვისაც ვნებიანად ვუყვარვარ,+ ვინც მაძლევს პურსა და წყალს, შალსა და სელს, ზეთსა და სასმელს“.+
6 ამიტომ, ეკლით გადავუღობავ გზას, ქვის კედელს აღვუმართავ,+ რომ გზა ვერ გაიკვლიოს.+ 7 გაეკიდება ის თავის ვნებიან საყვარლებს, მაგრამ ვერ დაეწევა,+ ძებნას დაუწყებს, მაგრამ ვერ იპოვის; იტყვის: „წავალ და დავუბრუნდები ჩემს პირველ+ ქმარს,+ რადგან მაშინ ახლანდელზე უკეთესად ვიყავი“.+ 8 მაგრამ მან არ შეიგნო,+ რომ მე ვაძლევდი მარცვლეულს,+ ახალ ღვინოსა და ზეთს, და რომ მე ვუმრავლებდი ვერცხლსა და ოქროს, რომლებსაც ისინი ბაალისთვის თაყვანსაცემად იყენებდნენ.+
9 ამიტომ სხვაგვარად მოვიქცევი და წავართმევ ჩემს მარცვლეულს მკის დროს და ჩემს ახალ ღვინოს რთვლის დროს,+ წავართმევ ჩემს შალსა და სელს, რომლითაც სიშიშვლეს იფარავს.+ 10 გამოვაჩენ მის სასირცხო ადგილებს მისი ვნებიანი საყვარლების თვალწინ+ და ვერც ერთი კაცი ვერ გამომტაცებს მას ხელიდან.+ 11 შევწყვეტ მთელ მის მხიარულებას,+ მის დღესასწაულებს,+ ახალმთვარობებს,+ შაბათებსა და ყველა მის ზეიმს. 12 გავაპარტახებ მის ვაზსა+ და ლეღვის ხეს,+ რომლებზეც ამბობს, ჩემი საჩუქრებია, ჩემმა ვნებიანმა საყვარლებმა რომ მომართვესო. ტყედ ვაქცევ მათ+ და გარეული ცხოველები შთანთქავენ. 13 პასუხს მოვთხოვ+ მას იმ დროისთვის, როცა ბაალის ქანდაკებებს+ შესაწირავის ბოლს აღუვლენდა,+ როცა თავს იმკობდა რგოლებითა და სამკაულებით+ და დაჰყვებოდა თავის ვნებიან საყვარლებს,+ მე კი დამივიწყა,+ — ამბობს იეჰოვა.
14 ამიტომ, დავარწმუნებ მას, გავიყვან უდაბნოში+ და გულში ჩამწვდომად დაველაპარაკები.+ 15 მაშინ მივცემ მას მის ვენახებსა+ და აქორის ველს,+ როგორც იმედის კარს, და მიპასუხებს როგორც თავისი ახალგაზრდობის დღეებში+ და როგორც ეგვიპტის მიწიდან გამოსვლის დღეს.+ 16 იმ დღეს მიწოდებ ქმარს და აღარ მიწოდებ პატრონს,+ — ამბობს იეჰოვა.
17 პირიდან მოვაშორებ ბაალის ქანდაკებების სახელებს+ და აღარ გაახსენდებათ მათი სახელები.+ 18 იმ დღეს მათთვის შეთანხმებას დავუდებ მინდვრის მხეცებს,+ ცის ფრინველებსა და ქვეწარმავლებს; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილსა და ომს+ და უსაფრთხოდ ვაცხოვრებ მათ.+ 19 სამარადისოდ დაგნიშნავ ჩემზე,+ სიმართლით, სამართლიანობით, სიკეთითა* და წყალობით დაგნიშნავ.+ 20 ერთგულებით დაგნიშნავ ჩემზე და გეცოდინება იეჰოვა.+
21 იმ დღეს ვუპასუხებ, — ამბობს იეჰოვა, — ვუპასუხებ ცას, ის კი უპასუხებს მიწას,+ 22 მიწა უპასუხებს მარცვლეულს,+ ახალ ღვინოსა და ზეთს, ისინი კი უპასუხებენ იზრეელს*.+ 23 თესლივით დავთესავ მას მიწაში ჩემთვის,+ შევიწყალებ შეუწყალებელს+ და ვინც არ არის ჩემი ხალხი, მათ ვეტყვი ჩემი ხალხი ხართ-მეთქი,+ ისინი კი მეტყვიან, შენ ღმერთი ხარო ჩემი».+
3 მითხრა იეჰოვამ: „კიდევ წადი და შეიყვარე ქალი, რომელიც სხვას უყვარს+ და მრუშობს; იეჰოვასაც უყვარს ისრაელის ძეები,+ ისინი კი სხვა ღმერთებისკენ მიდიან,+ ქიშმიშის კვერები უყვართ“.+
2 შევიძინე ის თხუთმეტ ვერცხლად+ და ერთ-ნახევარ ხომერ ქერად. 3 ვუთხარი: „მრავალ დღეს იცხოვრებ ჩემთან.+ ნუ გაირყვნები,+ სხვა კაცისა ნუ გახდები+ და არც მე გაგეკარები“.
4 ეს იმიტომ, რომ ისრაელის ძეები მრავალი დღე იცხოვრებენ მეფისა+ და მთავრის, მსხვერპლის,+ წმინდა სვეტის, ეფოდისა+ და თერაფიმის+ გარეშე. 5 მერე დაბრუნდებიან ისრაელის ძეები და ძებნას დაუწყებენ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს,+ და დავითს, თავიანთ მეფეს.+ თრთოლით მივლენ იეჰოვასა+ და მისი სიკეთის წინაშე უკანასკნელ დღეებში.+
4 ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, ისრაელის ძეებო, რადგან სასამართლოში ედავება იეჰოვა ამ მიწის მკვიდრებს,+ რადგან არ არის ამ მიწაზე ჭეშმარიტება,+ არც სიკეთე* და არც ღვთის ცოდნა.+ 2 გავრცელდა წყევლა,+ მზაკვრობა,+ მკვლელობა,+ ქურდობა+ და მრუშობა,+ სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოჰყვება.+ 3 ამიტომაც იგლოვებს მიწა+ და მიილევა ყოველი მისი მკვიდრი მინდვრის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად, ზღვის თევზებიც სასიკვდილოდ იქნებიან შეგროვებული.+
4 „ნურავინ იდავებს,+ ნურც ამხელს სხვას, რადგან შენი ხალხი მღვდელთან მოდავეებს ჰგავს.+ 5 წაიბორძიკებ დღისით+ და შენთან ერთად წინასწარმეტყველიც კი ისე წაიბორძიკებს, თითქოს ღამე იყოს.+ დავადუმებ დედაშენს.+ 6 დადუმდება ჩემი ხალხი, რადგან არა აქვს ცოდნა.+ რაკი ცოდნა უარყავი,+ მეც უარგყოფ, რათა მღვდლად აღარ მემსახურო;+ შენი ღვთის კანონი რომ დაივიწყე,+ მეც დავივიწყებ შენს ძეებს.+ 7 რაც უფრო მეტნი არიან, მით უფრო მეტად მცოდავენ.+ ჩემი დიდება სირცხვილში გაცვალეს.+ 8 ჩემი ხალხის ცოდვებს შთანთქავენ ისინი და მათი სული მათი დანაშაულისკენ ისწრაფვის.+
9 რაც მღვდელს დაემართება, იგივე დაემართება ხალხსაც;+ პასუხს მოვთხოვ მათ თავიანთი გზების გამო+ და თავიანთი საქმეებისამებრ მივაგებ.+ 10 შეჭამენ, მაგრამ ვერ გაძღებიან.+ ქალებს ისე მოექცევიან, როგორც მეძავებს, მაგრამ ვერ გამრავლდებიან,+ რადგან პატივს აღარ მიაგებენ იეჰოვას.+ 11 გარყვნილება, ღვინო და მაჭარი კაცში კეთილ ზრახვებს ახშობს.+ 12 ხის+ კერპს ეკითხება ჩემი ხალხი+ და მათი საკუთარი ხელჯოხი ელაპარაკება მათ; რადგან გარყვნილების სული ახეტიალებდა+ მათ და გარყვნილებით განუდგნენ თავიანთ ღმერთს.+ 13 მთების მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს+ და გორებზე შესაწირავს აბოლებენ+ უზარმაზარი ხის, სტირაქსისა და დიდი ხის ძირში, რადგან კარგია მათი ჩრდილი.+ ასე რომ, გარყვნილებას სჩადიან თქვენი ასულები და მრუშობენ თქვენი რძლები.
14 არ მოვთხოვ პასუხს თქვენს ასულებს გარყვნილებისთვის და თქვენს რძლებს — მრუშობისთვის, რადგან კაცები მეძავებთან განმარტოვდებიან+ ხოლმე და ტაძრის მეძავ ქალებთან+ ერთად სწირავენ მსხვერპლს; ხალხი, რომელსაც არა აქვს გაგება,+ გაითელება. 15 თუმცა გარყვნილებას სჩადიხარ, ისრაელო,+ იუდა ნუ გახდება დამნაშავე;+ ნუ მიხვალთ გილგალში,+ ნუ ახვალთ ბეთ-ავენში+ და ნურც დაიფიცებთ, ცოცხალიაო იეჰოვა!+ 16 რადგან ჯიუტი ძროხასავით გაჯიუტდა ისრაელი.+ განა ახლა დამწყემსავს მას იეჰოვა, როგორც ბატკანს ვრცელ ადგილზე?! 17 ეფრემი შეუერთდა კერპებს.+ თავი დაანებე მას!+ 18 თავდება მათი ხორბლის ლუდი,+ ქალს ისე ექცევიან, როგორც მეძავს.+ მის მფარველებს+ სირცხვილი უყვართ.+ 19 ქარი ახვევს მას თავის ფრთებში.+ შერცხვებათ თავიანთი მსხვერპლის“.+
5 „ისმინეთ, მღვდლებო,+ ყურადღებით იყავი, ისრაელის სახლო, და ყური უგდე, მეფის სახლო,+ რადგან გასამართლდებით. მახედ+ ექეცით მიცფას, თაბორზე+ გაშლილ ბადედ იქეცით. 2 განდგომილები ხოცვაში არიან ჩაფლულნი;+ შევაგონებდი ყოველ მათგანს.+ 3 პირადად ვიცნობ ეფრემს+ და არ დამალულა ჩემგან ისრაელი.+ ეფრემ, ისე ექცევი ქალებს, როგორც მეძავებს.+ გაიუწმინდურა თავი ისრაელმა.+ 4 თავიანთი საქმეები თავიანთ ღმერთთან დაბრუნების ნებას არ რთავს მათ,+ რადგან გარყვნილების სულია+ მათ შორის და არ აღიარებენ იეჰოვას.+ 5 მისი სახის წინააღმდეგ ამოწმებს ისრაელის სიამაყე.+ ისრაელი და ეფრემი თავიანთი დანაშაულის გამო ბორძიკობენ.+ მათთან ერთად ბორძიკობს იუდაც.+ 6 წავიდნენ თავიანთი ცხვარ-ძროხით და ძებნა დაუწყეს იეჰოვას, მაგრამ ვერ იპოვეს.+ გაშორდა ის მათ. 7 ვერაგულად ექცევიან იეჰოვას,+ უცხოელი ვაჟები შეეძინათ.+ ერთ თვეში შთაინთქმებიან თავიანთი ქონებითურთ.+
8 საყვირს ჩაბერეთ+ გიბაში,+ საყვირს — რამაში! საომარი ყიჟინა დაეცით ბეთ-ავენში!+ შენ მოგყვებით, ბენიამინ!+ 9 ეფრემ, ხალხს გააოგნებ გაკიცხვის დღეს.+ ისრაელის ტომებს შორის ვაცხადებ სანდო სიტყვებს.+ 10 იუდას მთავრები მიჯნის გადამწევებს+ დაემსგავსნენ. წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას. 11 ეფრემი დაჩაგრულია, სამართლიანად შეიმუსრა,+ რადგან არჩია, გაჰყოლოდა თავის მოწინააღმდეგეს.+ 12 ჩრჩილივით+ ვიყავი ეფრემისთვის და ლპობასავით — იუდას სახლისთვის.
13 ეფრემმა დაინახა თავისი ავადმყოფობა და იუდამ — თავისი წყლული.+ ეფრემი ასურეთში+ წავიდა და მაცნეები გაუგზავნა დიდ მეფეს,+ მაგრამ მან ვერ შეძლო თქვენი მორჩენა+ და თქვენი წყლულის განკურნება.+ 14 ლომის ბოკვერად ვექცევი ეფრემს+ და ფაფრიან ლომად — იუდას სახლს. მე, მე დავფლეთ მათ და წავიყვან, არავინ იქნება მხსნელი.+ 15 წავალ, დავბრუნდები ჩემს ადგილას მანამ, სანამ არ დაისჯებიან ისინი დანაშაულისთვის.+ ძებნას დაუწყებენ ჩემს სახეს.+ ძებნას დამიწყებენ,+ როცა ძალიან გაუჭირდებათ“.+
6 „მოდით და დავუბრუნდეთ იეჰოვას,+ მან დაგვფლითა,+ მაგრამ თავადვე განგვკურნავს;+ მან დაგვკრა, მაგრამ თავადვე შეგვიხვევს ჭრილობებს.+ 2 ორ დღეში გაგვაცოცხლებს+ ის, მესამე დღეს წამოგვაყენებს და ვიცხოვრებთ მის წინაშე.+ 3 გვეცოდინება იეჰოვა, ვისწრაფებთ მის შესაცნობად.+ განთიადივით+ უცვლელად მოვა+ ის, შხაპუნა წვიმასავით მოვა+ ჩვენთან, გაზაფხულის წვიმასავით, რომელიც რწყავს მიწას“.+
4 „რა გიყო, ეფრემ? რა გიყო, იუდა,+ როცა თქვენი სიკეთე* დილის ღრუბლებივითაა და ნამივით, რომელიც მალევე ქრება? 5 ამიტომაც მომიწევს მათი მოკვეთა წინასწარმეტყველთა მეშვეობით;+ მომიწევს მათი დახოცვა ჩემი ბაგიდან გამოსული სიტყვებით.+ შენი განაჩენი სინათლესავით გამოჩნდება.+ 6 მე სიკეთე მსიამოვნებს+ და არა მსხვერპლი;+ ღვთის ცოდნა უფრო მეტად მსიამოვნებს, ვიდრე მთლიანად დასაწვავი შესაწირავი;+ 7 ისინი კი ადამიანის მსგავსად არღვევენ შეთანხმებას.+ ვერაგულად მექცევიან იქ.+ 8 გალაადი+ სიავის მქნელთა ქალაქია, სისხლიანია მათი ნაკვალევი.+ 9 ერთად თავშეყრილი მღვდლები მოთარეშე რაზმებივით+ უსაფრდებიან კაცს.+ შექემში+ გზის პირას სჩადიან მკვლელობას, რადგან ბოროტების მეტს არაფერს აკეთებენ.+ 10 საშინელებას ვხედავ ისრაელის სახლში.+ გარყვნილებას სჩადის იქ ეფრემი.+ იუწმინდურებს თავს ისრაელი.+ 11 დადგენილია შენთვის მკის დრო, იუდა, როცა შევკრებ ტყვეებს ჩემი ხალხიდან“.+
7 „როგორც კი ვცდილობ ისრაელის განკურნებას,+ ეფრემის დანაშაული+ და სამარიის+ ცუდი საქმეები მჟღავნდება; რადგან ცრუდ იქცევიან,+ ქურდი ტეხს სახლს და გარეთ მოთარეშე რაზმი დაძრწის.+ 2 არ ეუბნებიან თავიანთ გულს,+ რომ მემახსოვრება მათი ყველა ცუდი საქმე.+ გარშემორტყმულნი არიან თავიანთი საქმეებით;+ ჩემი სახის წინაშე არიან ისინი.+ 3 თავიანთი ცუდი საქმეებით ახარებენ მეფეს და თავიანთი მზაკვრობით — მთავრებს.+ 4 ყველანი მრუშები არიან,+ ჰგვანან ღუმელს, რომელსაც ახურებს მცხობელი, მაგრამ ცომის მოზელის შემდეგ აღარ აღვივებს ცეცხლს ცომის აფუებამდე. 5 ჩვენი მეფის დღეს მთავრებმა თავი დაიავადმყოფეს,+ მრისხანებენ ღვინის გამო.+ ის დამცინავებისკენ იწვდის ხელს. 6 გულს იხურებენ, თითქოს ღუმელთან+ იყვნენ ახლოს; ის მათში ანთია.+ მთელი ღამე სძინავს მათ მცხობელს; დილისთვის კი ღუმელი ანთია, მასში ცეცხლი გიზგიზებს.+ 7 ყველანი ღუმელივით ხურდებიან და შთანთქავენ თავიანთ მოსამართლეებს. ეცემა ყველა მათი მეფე;+ არც ერთი მათგანი არ მიხმობს.+
8 ეფრემი კი ხალხში ტრიალებს.+ გადმოუბრუნებელი კვერია ეფრემი.+ 9 უცხოები ჭამენ მის ძალას,+ მაგრამ თვითონ ვერ ხვდება ამას;+ ჭაღარა უთეთრებს თავს, მაგრამ ვერც ამას ხვდება. 10 მისი სახის წინააღმდეგ ამოწმებს ისრაელის სიამაყე,+ მაგრამ არ უბრუნდებიან იეჰოვას, თავიანთ ღმერთს,+ არც ეძებენ მას ყოველივე ამის გამო.+ 11 სულელ და უგუნურ*+ მტრედს+ ემსგავსება ეფრემი. ეგვიპტეს მოუხმობენ,+ ასურეთში მიდიან.+
12 რა გზითაც არ უნდა წავიდნენ, ბადეს გავშლი მათზე.+ ცის ფრინველებივით ჩამოვაგდებ მათ.+ დავსჯი მათ, როგორც ეთქვა კიდეც მათ კრებულს.+ 13 ვაი მათ,+ რადგან გამირბიან!+ ძარცვა მათ, რადგან მცოდავენ! მათი გამომსყიდველი ვიყავი,+ მაგრამ სიცრუეს ლაპარაკობენ ჩემ წინააღმდეგ.+ 14 გულით არ მთხოვეს შველა,+ თუმცა ღრიალებდნენ თავიანთ საწოლებზე. დაყიალებდნენ მარცვლეულისა და მაჭრის გამო;+ ჩემ წინააღმდეგ მიდიოდნენ.+ 15 მე აღვზარდე ისინი,+ მკლავები გავუმაგრე,+ ისინი კი ცუდს იზრახავდნენ ჩემ წინააღმდეგ.+ 16 ბრუნდებიან, მაგრამ არა ამაღლებულთან;+ მოშვებულ მშვილდს დაემსგავსნენ.+ მახვილით დაეცემიან მათი მთავრები თავიანთი რისხვიანი ენის გამო.+ ეს იქნება მათი დაცინვა ეგვიპტის მიწაზე“.+
8 «პირთან მიიტანე საყვირი!+ არწივივით+ მოდის ის იეჰოვას სახლის წინააღმდეგ, რადგან ესენი არღვევენ ჩემს შეთანხმებას+ და სცოდავენ ჩემი კანონის წინააღმდეგ,+ 2 შემომღაღადებენ: „ჩემო ღმერთო, ჩვენ, ისრაელი, გიცნობთ შენ“.+
3 ისრაელი აგდებს იმას, რაც კარგია.+ მტერი დაედევნოს მას.+ 4 მეფეებს აყენებენ,+ მაგრამ უჩემოდ; მთავრებს აყენებენ, მაგრამ ჩემ დაუკითხავად. თავიანთი ოქრო-ვერცხლით იკეთებენ კერპებს+ დასაღუპავად.+ 5 გადაგდებულია შენი ხბო,+ სამარიავ. აღგზნებულია ჩემი რისხვა მათზე.+ კიდევ რამდენ ხანს ვერ შეძლებენ უდანაშაულოდ ყოფნას?+ 6 ის ისრაელისა იყო.+ ხელოსანმა გააკეთა,+ არ არის ის ღმერთი, რადგან ნაფოტებად იქცევა სამარიის ხბო.+
7 ქარს თესავენ და ქარიშხალს მოიმკიან.+ ყანა არსად არის.+ არც ერთი თავთავი ფქვილს არ იძლევა;+ რომც იძლეოდეს, უცხოები ჩაყლაპავდნენ.+
8 ჩაიყლაპება ისრაელი.+ ისინი უსარგებლო ჭურჭელივით+ იქნებიან ერებს შორის.+ 9 ასურეთში+ მიდის, როგორც განმარტოებული ზებრა.+ საყვარლებს ქირაობს ეფრემი.+ 10 თუმცა ერებისგან ქირაობენ მათ,+ ახლა ერთად შევკრებ. ცოტა ხანი მწვავე ტკივილები+ ექნებათ მეფისა და მთავრების მიერ დადებული ტვირთით დამძიმებულებს.
11 ცოდვის ჩასადენად ამრავლებს ეფრემი სამსხვერპლოებს.+ ცოდვის ჩასადენად აქვს სამსხვერპლოები.+ 12 ბევრ რამეს ვწერდი მას ჩემი კანონიდან,+ მაგრამ უცხოდ მიიჩნევდნენ.+ 13 ხორცს მწირავდნენ,+ როგორც საძღვნო მსხვერპლს და ჭამდნენ იმას, რაც იეჰოვას არ სიამოვნებდა.+ ემახსოვრება მას მათი დანაშაული და პასუხს მოსთხოვს ცოდვებისთვის.+ ეგვიპტეში დაბრუნდნენ ისინი.+ 14 დაივიწყა ისრაელმა თავისი შემოქმედი+ და ტაძრების შენება დაიწყო;+ იუდამ კი გამაგრებული ქალაქები გაამრავლა.+ ცეცხლს გავგზავნი მის ქალაქებში და ის შთანთქავს მათ საცხოვრებელ კოშკებს».+
9 „ნუ ხარობ, ისრაელო,+ ნუ მხიარულობ სხვა ხალხებივით,+ რადგან გარყვნილებით შორდები შენს ღმერთს.+ გიყვარს მარცვლეულის ყველა კალოზე ქირაში აღებული საჩუქრები.+ 2 ვერ კვებავს მათ კალო და საწნახელი,+ იმედს უცრუებს ახალი ღვინო.+ 3 აღარ იცხოვრებენ იეჰოვას მიწაზე,+ ეგვიპტეში დაბრუნდება ეფრემი+ და ასურეთში შეჭამენ იმას, რაც უწმინდურია.+ 4 აღარ დაუღვრიან იეჰოვას ღვინოს.+ არ ესიამოვნება მას მათი მსხვერპლი;+ ის გლოვის პურივითაა+ მათთვის; თავს გაიუწმინდურებს ყველა, ვინც შეჭამს მას, რადგან მათი პური მათივე სულისთვისაა, მას არ შეიტანენ იეჰოვას სახლში.+ 5 რას გააკეთებთ შეხვედრის დღეს და იეჰოვას დღესასწაულზე?+ 6 რადგან, აი, ძარცვის+ გამო მოუწევთ წასვლა. ეგვიპტე ერთად შეკრებს მათ,+ მემფისი+ დამარხავს. მათ ვერცხლეულს ჭინჭარი დაეპატრონება,+ მათ კარვებში ეკლიანი ბუჩქები ამოვა.+
7 მოვა განკითხვის დღეები,+ მოვა საზღაურის მიგების დღეები;+ გაიგებენ ამას ისრაელები.+ გასულელდება წინასწარმეტყველი,+ შეიშლება შთაგონებული სიტყვების წარმომთქმელი კაცი შენი მრავალი დანაშაულისა+ და დიდი მტრობის გამო“.
8 ეფრემის გუშაგი+ იყო ჩემს ღმერთთან.+ წინასწარმეტყველის+ ყველა გზაზე მონადირის დაგებული კაკანათია,+ მტრობაა მისი ღვთის სახლში. 9 ღრმად არიან ჩაფლული დამღუპველ საქმეებში,+ როგორც გიბას+ დროს. ის გაიხსენებს მათ დანაშაულს+ და მოჰკითხავს მათ ცოდვებს.
10 „როგორც ყურძენი უდაბნოში, ისე ვიპოვე ისრაელი.+ როგორც საადრეო ლეღვი, რომელიც პირველად ჩნდება ლეღვის ხეზე, ისე დავინახე თქვენი მამა-პაპა.+ ფეორის ბაალთან შევიდნენ,+ სამარცხვინო რამეს+ მიუძღვნეს თავი და რაც შეიყვარეს, მასავით საძაგლები გახდნენ.+ 11 ფრინველივით მიფრინავს ეფრემის დიდება,+ ამიტომ, არც მშობიარობაა, არც ორსულობა და არც ჩასახვა.+ 12 თუმცა ზრდიან ვაჟებს, წავართმევ შვილებს და კაციშვილი არ დარჩება,+ რადგან... ვაი მათ, როცა მათ ზურგს შევაქცევ!+ 13 საძოვარზე გაშენებულ ეფრემს, სწორედ ამ ეფრემს, რომელიც ჩემს თვალში ტვიროსს ჰგავს,+ მკვლელისთვის მოუწევს თავისი ვაჟების გამოყვანა“.+
14 მიეცი მათ, იეჰოვა, ის, რის მიცემასაც აპირებ.+ მიეცი მათ საშვილოსნო,+ რომელიც არ ინარჩუნებს ნაყოფს, და გამშრალი ძუძუ.
15 „გილგალში+ მოხდა მთელი მათი ბოროტება, რადგან იქ შევიძულე ისინი.+ მათი ბოროტი საქმეების გამო გავაძევებ მათ ჩემი სახლიდან;+ აღარ მეყვარება ისინი.+ ყველა მათი მთავარი ჯიუტობს.+ 16 დაეცემა ეფრემი.+ ფესვიც კი გაუხმებათ;+ ვერ გამოიღებენ ნაყოფს.+ კიდევაც რომ გააჩინონ, მოვკლავ მათი მუცლის ძვირფას ნაყოფს“.+
17 ჩემი ღმერთი+ უარყოფს მათ, რადგან არ უსმენდნენ,+ და იხეტიალებენ ხალხებში.+
10 «ისრაელი გადაჯიშებული ვაზია.+ მხოლოდ თავისთვის იძლევა ნაყოფს.+ რაც უფრო მეტია მისი ნაყოფი, მით უფრო მეტ სამსხვერპლოს აგებს.+ რაც უფრო კარგია მისი მიწა, მით უფრო კარგ წმინდა სვეტებს დგამს.+ 2 გაუთვალთმაქცდათ გულები;+ დამნაშავეები აღმოჩნდებიან.
არის ის, ვინც დაანგრევს მათ სამსხვერპლოებს; ის გაძარცვავს მათ სვეტებს.+ 3 ახლა იტყვიან: „არა გვყავს მეფე,+ რადგან არ გვეშინია იეჰოვასი. რას გაგვიკეთებს მეფე?“
4 ცარიელ სიტყვებს ამბობენ, როცა ცრუდ იფიცებენ+ ან შეთანხმებას დებენ.+ სამართალი შხამიანი მცენარესავით ამოდის მინდვრის კვლებში.+ 5 ბეთ-ავენის+ ხბოს კერპის გამო შეეშინდებათ სამარიის მკვიდრებს; იგლოვებენ მას მისივე ხალხი და ქურუმები, მისით რომ ხარობდნენ, იგლოვებენ მის დიდებას, რადგან ის მიატოვებს მათ — გადასახლებული იქნება.+ 6 ასურეთში წაიღებენ მას და საჩუქრად მიართმევენ დიდ მეფეს.+ სირცხვილს ჭამს ეფრემი,+ თავისი რჩევის გამო შერცხვება ისრაელი.+ 7 სამარია და მისი მეფე ისე დადუმდებიან,+ როგორც მოტეხილი ტოტი წყლის ზედაპირზე. 8 მოისპობა ბეთ-ავენის მაღლობები,+ ისრაელის ცოდვა.+ ნარ-ეკალი+ ამოვა მათ სამსხვერპლოებზე.+ ხალხი ეტყვის მთებს: „დაგვფარეთ!“ და გორებს: „ზედ დაგვემხეთ!“+
9 გიბას+ დროიდან ცოდავ,+ ისრაელო! არ შეცვლილან ისინი. არ მიწვდომიათ მათ გიბაში გამართული ომი უმართლობის ძეების წინააღმდეგ.+ 10 თუ მოვინდომე, დავსჯი მათ.+ მათ წინააღმდეგ შეიკრიბებიან ხალხები, როცა შეებმებიან თავიანთ ორ დანაშაულში.+
11 ეფრემი ლეწვის მოყვარული გაწვრთნილი დეკეული იყო.+ მე გავიარე მის ლამაზ ქედზე. ზურგზე შემოვაჯენ ვინმეს და მიწას მოვახვნევინებ ეფრემს;+ იუდა ხნავს,+ ხოლო იაკობი ფარცხავს+ მისთვის. 12 სიმართლით თესეთ თესლი თქვენთვის,+ სიკეთით* მოიმკეთ.+ დაამუშავეთ სახნავი მიწა,+ სანამ არის იეჰოვას ძებნის დრო, სანამ მოსულა ის+ და სიმართლე უსწავლებია თქვენთვის.+
13 ბოროტებას ხნავთ+ და უმართლობას იმკით,+ მზაკვრობის ნაყოფს ჭამთ,+ რადგან იმედი გაქვს შენი გზისა+ და შენი ძლიერი ხალხის სიმრავლისა.+ 14 ხმაურია შენს ხალხში.+ შენი გამაგრებული ქალაქები ისე გაიძარცვება,+ როგორც შალმანმა გაძარცვა არბელის სახლი ბრძოლის დღეს, როცა სასტიკად მოკლეს დედა თავის ვაჟებთან ერთად.+ 15 ასე მოგექცევიან, ბეთელო, თქვენი უზომო ბოროტების გამო.+ განთიადისას დადუმდება ისრაელის მეფე».+
11 „როცა ისრაელი ყმაწვილი იყო, მაშინ მიყვარდა ის;+ ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.+
2 რაც უფრო მეტად მოუხმობდნენ მათ,+ მით უფრო შორდებოდნენ ისინი.+ ბაალის ქანდაკებებს მსხვერპლს სწირავდნენ+ და გამოსახულებებს შესაწირავს უბოლებდნენ.+ 3 მე კი სიარულს ვასწავლიდი ეფრემს,+ ხელში ამყავდა ისინი,+ მაგრამ არ შეიგნეს, რომ მე ვკურნავდი მათ.+ 4 ვიზიდავდი მათ ადამიანის თოკებით, სიყვარულის თასმებით;+ გავხდი მათთვის უღლის მომხსნელი მათი ყბებიდან;+ ფრთხილად მიმქონდა თითოეულთან საჭმელი.+ 5 არ დაბრუნდება ის ეგვიპტის მიწაზე, ასურეთი გახდება მისი მეფე,+ რადგან უარი თქვეს ჩემთან დაბრუნებაზე.+ 6 მახვილი დატრიალდება მის ქალაქებში,+ მოსპობს მის ურდულებს და შთანთქავს+ მათ მათი ზრახვების გამო.+ 7 ჩემი ხალხი მიდრეკილია იმისკენ, რომ მიორგულოს.+ ამაღლებულისკენ მოუწოდებენ მას, მაგრამ არც ერთი არ დგება.
8 როგორ მიგატოვო, ეფრემ?!+ როგორ გაგიმეტო, ისრაელ?!+ როგორ მოგექცე, როგორც ადმას?!+ როგორ დაგმართო ის, რაც ცებოიმს+ დავმართე?! გული მომიბრუნდა+ თქვენკენ, სიბრალულით ავენთე. 9 არ გამოვავლენ მრისხანებას,+ აღარ გავანადგურებ ეფრემს,+ რადგან ღმერთი ვარ+ და არა ადამიანი, წმინდა ვარ შენში;+ არ მოვალ მძვინვარებით. 10 იეჰოვას გაჰყვებიან ისინი.+ ლომივით დაიგრგვინებს ის,+ თვითონ დაიგრგვინებს+ და დასავლეთიდან კანკალით მოვლენ ძეები.+ 11 ჩიტივით მოფრინდებიან ეგვიპტიდან,+ აკანკალებულები მოფრინდებიან, მტრედივით მოფრინდებიან ასურეთის მიწიდან,+ და მე ვაცხოვრებ მათ თავიანთ სახლებში, — ამბობს იეჰოვა.+
12 სიცრუით შემომეხვია ეფრემი+ და მზაკვრობით — ისრაელის სახლი, იუდა კი ჯერ კიდევ ღმერთთან ერთად დადის+ და სანდოა ის უწმინდესისთვის“.
12 „ეფრემი ქარით იკვებება+ და მთელი დღე აღმოსავლეთის ქარს დასდევს.+ სულ უფრო და უფრო მეტად ცრუობს და სულ უფრო და უფრო მეტს ძარცვავს.+ ასურეთთან დებენ შეთანხმებას+ და ეგვიპტეში მიაქვთ ზეთი.
2 იეჰოვა სასამართლოში ედავება იუდას,+ პასუხს სთხოვს იაკობს მისი გზებისამებრ;+ მისი საქმეებისამებრ მიუზღავს მას.+ 3 თავისი ძმის ქუსლს ჩაეჭიდა მუცელში+ და ძლიერებით შეეჭიდა ღმერთს.+ 4 შეეჭიდა ანგელოზს და ბოლოს სძლია.+ ტირილით სთხოვდა წყალობას“.+
ბეთელში იპოვა ის ღმერთმა;+ იქ დაგველაპარაკა.+ 5 იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი,+ იეჰოვაა მისი სახსენებელი.+
6 «შენ კი სიკეთითა*+ და სამართლიანობით+ დაუბრუნდი შენს ღმერთს+ და მუდამ გქონდეს შენი ღვთის იმედი.+ 7 ვაჭრის ხელში მზაკვრობის სასწორია;+ მას უყვარს გამოძალვა.+ 8 ეფრემი ამბობს: „მართლაც გავმდიდრდი;+ სიმდიდრე ვიპოვე.+ მთელ ჩემს ნაშრომში ვერ მიპოვიან დანაშაულს, რომელიც შეიძლება ცოდვად ჩაითვალოს“.+
9 მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ ეგვიპტის მიწიდან მოყოლებული.+ კვლავაც გაცხოვრებ კარვებში, როგორც დღესასწაულის დღეებში. 10 ველაპარაკე წინასწარმეტყველებს+ და გავამრავლე ხილვები, შედარებები მომყავდა წინასწარმეტყველთა პირით.+
11 გალაადში მაგიას+ მისდევენ და სიცრუეს+ ლაპარაკობენ. გილგალში ხარებსაც კი სწირავენ მსხვერპლად.+ მათი სამსხვერპლოები ქვის გროვებივითაა მინდვრის კვლებში.+ 12 იაკობი სირიის მინდორში გაიქცა,+ ისრაელი+ ცოლისთვის მსახურობდა+ და ცოლისთვის იცავდა ცხვარს.+ 13 წინასწარმეტყველის მეშვეობით გამოიყვანა იეჰოვამ ისრაელი ეგვიპტიდან+ და წინასწარმეტყველის მეშვეობით იცავდა მას.+ 14 ეფრემმა მწარედ გაანაწყენა ღმერთი,+ მასზეა მისი სისხლისმღვრელი საქმეები+ და დიდი ბატონი მიუზღავს მას შეურაცხყოფისთვის».+
13 „როცა ეფრემი ლაპარაკობდა, შიშისგან კანკალებდნენ; მას გავლენა ჰქონდა ისრაელში,+ მაგრამ დააშავა ბაალის+ გამო და მოკვდა.+ 2 ახლა კი უფრო მეტად სცოდავენ, ვერცხლისგან ჩამოსხმულ ქანდაკებას+ იკეთებენ, კერპებს — თავიანთი გაგებით;+ ყველაფერი ხელოსნების ნახელავია.+ მათ ეუბნებიან: მსხვერპლის შემწირველებმა ხბოებს აკოცონო.+ 3 ამიტომ, ისინი დაემსგავსებიან დილის ღრუბლებს+ და ნამს, რომელიც მალევე ქრება; დაემსგავსებიან კალოდან ატაცებულ ბზეს+ და საკვამლედან ასულ კვამლს.
4 მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ ეგვიპტიდან მოყოლებული,+ არ იცნობდით ჩემ გარდა სხვა ღმერთს; ჩემ გარდა არავინ იყო მხსნელი.+ 5 გიცნობდი უდაბნოში,+ ციებ-ცხელების მიწაზე.+ 6 თავიანთ საძოვარზე გაძღნენ,+ გაძღნენ და გადიდგულდნენ;+ ამიტომაც დამივიწყეს.+ 7 ლომივით ვიქნები მათთვის;+ ჯიქივით ჩავუსაფრდები გზაზე;+ 8 ბელებდაკარგული დათვივით+ შევხვდები მათ და გავუგლეჯ გულისფიცარს; ვშთანთქავ ლომივით.+ მინდვრის მხეცი დაფლეთს მათ.+ 9 ის მოგსპობს,+ ისრაელო, რადგან შენი საქმეები ჩემ წინააღმდეგ, შენი მშველელის წინააღმდეგ იყო მიმართული.+
10 სად არის შენი მეფე, რომ დაგიცვას ყველა შენს ქალაქში?+ სად არიან შენი მსაჯულები, რომლებზეც მეუბნებოდი, მომეცი მეფე და მთავრებიო?+ 11 რისხვით მოგეცი მეფე+ და მრისხანებით წაგართმევ მას.+
12 შეფუთულია ეფრემის დანაშაული, შენახულია მისი ცოდვა.+ 13 მშობიარე ქალის ტკივილები დაეწყება მას.+ ის არ არის ბრძენი ვაჟი,+ რადგან თავის დროზე არ გამოვა საშვილოსნოდან, როგორც ვაჟები გამოდიან ხოლმე.+
14 სამარის* ხელიდან გამოვისყიდი მათ,+ სიკვდილისგან დავიხსნი.+ სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო?+ სად არის შენი გამანადგურებელი ძალა, სამარევ?+ დაიმალება სიბრალული ჩემი თვალებიდან.+
15 თუ ის ლერწმის ვაჟივით ინაყოფიერებს,+ აღმოსავლეთის ქარი, იეჰოვას ქარი ამოვარდება. უდაბნოდან მოდის ის;+ ამოაშრობს მის ჭას და დააშრობს მის წყაროს.+ ის გაძარცვავს ყველა ძვირფასი ნივთის საგანძურს.+
16 სამარია დამნაშავედ ჩაითვლება,+ რადგან ეურჩება თავის ღმერთს.+ მახვილით დაეცემიან ისინი.+ შეიმუსრებიან მათი შვილები+ და გაიფატრებიან ორსული ქალები“.+
14 «დაუბრუნდი, ისრაელო, იეჰოვას, შენს ღმერთს,+ რადგან შენი დანაშაულის გამო ბორძიკობ.+ 2 მონანიების სიტყვებით დაუბრუნდით იეჰოვას.+ უთხარით მას ყველამ: „გვაპატიე დანაშაული+ და ჩვენგან მიიღე ის, რაც კარგია, ჩვენ კი ჩვენი ბაგეების ნაყოფს* მოგიძღვნით სანაცვლოდ.+ 3 არ გვიხსნის ასურეთი;+ არ ავმხედრდებით ცხენებზე;+ აღარ ვეტყვით ჩვენს ნახელავს: ჩვენო ღმერთოო, რადგან შენ შეიწყალებ უმამო ბავშვს“.+
4 განვკურნავ მათ ორგულობას.+ ნებით შევიყვარებ მათ,+ რადგან დაცხრა ჩემი რისხვა მასზე.+ 5 ნამივით გავხდები ისრაელისთვის;+ შროშანივით გაიფურჩქნება ის და ლიბანის ხესავით გაიდგამს ფესვებს; 6 რტოებს გამოიღებს, მისი დიდება ზეთისხილის ხის+ დიდებას დაემსგავსება და მისი სურნელი — ლიბანის ხისას. 7 კვლავ მის ჩრდილქვეშ დამკვიდრდებიან.+ მარცვლეულს გაზრდიან და ვაზივით გამოიღებენ კვირტებს.+ ისე გაიხსენებენ მას, როგორც ლიბანის ღვინოს.
8 იტყვის ეფრემი: „რაღა მესაქმება ამ კერპებთან?“+
მე ვუპასუხებ და მივხედავ მას.+ ფოთოლხშირ ღვიას ვგავარ,+ ჩემში იპოვით ნაყოფს».
9 ვინაა ბრძენი, რომ გაიგოს ეს?+ ვინ არის გონიერი, რომ იცოდეს ეს?+ სწორია იეჰოვას გზა+ და მართლები ივლიან მასზე,+ შემცოდველები კი წაიბორძიკებენ მასზე.+
ჰოშაიას შემოკლებული ფორმა, რაც ნიშნავს: იაჰმა იხსნა.
სატახტო ქალაქი, სადაც ჩრდილოეთი ისრაელის მეფეები ცხოვრობდნენ, თუმცა დედაქალაქი სამარია იყო. იხილეთ 1 მფ. 21:1.
ნიშნავს: ის არ იყო შეწყალებული.
ნიშნავს: არა ჩემი ხალხი.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
ნიშნავს: ღმერთი დათესავს თესლს.
იხილეთ 2:19-ის სქოლიო.
იხილეთ 2:19-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — უგულო ან ცუდი ზრახვების მქონე.
იხილეთ 2:19-ის სქოლიო.
იხილეთ 2:19-ის სქოლიო.
ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
სიტყვასიტყვით — მოზვრებს.