30 ᲡᲐᲠᲔᲤᲗᲔᲚᲘ ᲥᲕᲠᲘᲕᲘ
იმედგადაწურული ის იეჰოვას მიენდო
ᲘᲡ ᲐᲚᲑᲐᲗ ფიქრობს, რომ ვერავინ ამჩნევს და არავის ადარდებს. თავის ვაჟთან ერთად ის ახლა უკიდურეს გაჭირვებაშია. ისინი სიდონის ერთ პატარა ქალაქში, სარეფთაში, ცხოვრობენ. მას ალბათ იმედი აქვს გადაწურული, რომ ვინმე დახმარების ხელს გაუწვდის. ეს ხომ ისრაელი არ არის, სადაც იეჰოვა კანონით მოითხოვს, რომ ქვრივები და ობლები არ დარჩნენ ზრუნვის გარეშე. ეს ქალი ისეთი ხალხის გარემოცვაში ცხოვრობს, რომლებსაც გული აქვთ გაქვავებული. ისინი ქალღმერთ აშთორეთს ეთაყვანებიან, რომლის თაყვანისმცემლობაც უკიდურესი გარყვნილებითა და სისასტიკითაა ცნობილი. იქ ეთბაალი მეფობს, რომელიც, როგორც ჩანს, აშთორეთის ქურუმიცაა. ამას ისიც ემატება, რომ შიმშილობისა და გვალვის გამო ხალხს ძლივს გააქვს თავი. ამ ყველაფრის ფონზე მართლაც რისი იმედი უნდა ჰქონდეს ერთ საწყალ ქვრივ ქალს?!
ეს ქალი რას აღარ აკეთებს, რომ ის და მისი ვაჟი ლუკმა-პურის გარეშე არ დარჩნენ. მაგრამ თავის გატანა დღითი დღე რთულდება და აშკარა ხდება, რომ მათ შიმშილობა იმსხვერპლებს.
მართალია, ეს ქალიც იქაურია, მაგრამ ის ძალიან განსხვავდება სხვებისგან. მას ცოცხალი ღმერთის, იეჰოვასი, სწამს. როგორც ჩანს, ამ ქალს ბევრი სმენია, როგორი ღმერთია იეჰოვა და როგორ ეპყრობა თავის ხალხს. ის იმდენად გამორჩეულია, რომ დაახლოებით ათი საუკუნის შემდეგ იესოს სიტყვებიდანაც კი გამოჩნდა, რამდენად ძვირფასი იყო ის იეჰოვას თვალში და როგორ განსხვავდებოდა ურწმუნო ისრაელებისგან.
რას აკეთებს იეჰოვა მისთვის? ის თავის წინასწარმეტყველს, ელიას, გზავნის მასთან, რომ გვალვის პერიოდში მასთან დარჩეს. ჩადის თუ არა ელია სარეფთაში, ხედავს, რომ ეს ქვრივი ქალი შეშას აგროვებს. მასთან მიდის და სთხოვს, რომ ცოტა წყალი მიუტანოს და დაალევინოს. მართალია, ეს ქალი პირველად ხედავს ელიას, მაგრამ ის მაშინვე მიდის მისთვის წყლის მოსატანად. როგორც ჩანს, ამ კაცის თბილი ტონი, სიტყვები და ჩაცმულობა ახვედრებს მას, რომ ის იეჰოვას მსახურია. ალბათ უკვე ელიაც ფიქრობს, ეს ხომ არაა ის ქალი, რომელთანაც იეჰოვამ გამოგზავნა. ამიტომ ამაში დასარწმუნებლად ცოტაოდენ პურსაც სთხოვს.
ამ დროს ქვრივი ისეთ რამეს ეუბნება, რომ ელიას ეჭვი მართლდება: „შენს ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ“. ეს უცხოტომელი ქალი აღიარებს, რომ ცრუ ღმერთებისგან განსხვავებით იეჰოვა ცოცხალი ღმერთია (იერ. 10:10). ამის შემდეგ ის ელიას ეუბნება: „პური არა მაქვს; ერთი მუჭა ფქვილიღა დამრჩა დიდ ქილაში და ცოტაოდენი ზეთი – პატარა ქილაში. შეშას ვაგროვებ, შემდეგ წავალ, მოვამზადებ რამეს ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, იმასღა შევჭამთ და დავიხოცებით“.
მას და მის ვაჟს შიმშილით სიკვდილი ელოდათ, მაგრამ მან ბოლო ლუკმა იეჰოვას წინასწარმეტყველს დაუთმო.
აშკარაა, რომ ამ ქალს იმედი აქვს გადაწურული. ამიტომ ალბათ აოგნებს ელიას შემდეგი სიტყვები: „ნუ გეშინია“. არადა როგორ არ უნდა ეშინოდეს, როცა ის და მისი შვილი ცოტაც და შიმშილით მოკვდებიან. თუმცა ის მაინც უსმენს ამ კაცს, რომელიც ამის შემდეგ იეჰოვას სიტყვებს უმხელს. ელია ეუბნება, რომ თუ ჯერ მას გამოუცხობს პატარა კვერს, იეჰოვა იზრუნებს, რომ გვალვის დასასრულამდე დიდ ქილაში ფქვილი არ გამოილიოს, პატარა ქილაში კი – ზეთი.
ეყოფა ამ ქვრივ ქალს რწმენა, რომ ბოლო ლუკმა მისცეს იეჰოვას წინასწარმეტყველს? მას ალბათ სმენია, რამდენი გასაოცარი რამ მოიმოქმედა იეჰოვამ თავისი ხალხისთვის, მაგრამ ამ მომენტში იეჰოვაზე მინდობა შეიძლება მაინც არ იყოს ადვილი. მიუხედავად ამისა, ის ელიას სიტყვისამებრ იქცევა.
იეჰოვაც უფასებს რწმენასა და ნდობას და ყველაფერი მისი სიტყვისამებრ ხდება. გვალვის დასასრულამდე მათ მართლაც არ აკლდებათ არც ფქვილი და არც ზეთი. თუმცა იეჰოვა მის მიმართ კიდევ უფრო დიდ სიკეთეს იჩენს. როცა მოულოდნელად ქვრივი ქალის ვაჟი ავადმყოფობის გამო კვდება, ის ელიას მეშვეობით მას სიცოცხლეს უბრუნებს. ეს ბიბლიაში ჩაწერილი მკვდრეთით აღდგომის პირველი შემთხვევაა. ეჭვგარეშეა, ამ ამბის შემდეგ ქვრივი ქალის რწმენა და ნდობა ასმაგად ძლიერდება. ამ ქალის მაგალითი დღემდე მილიონობით ადამიანს უმტკიცებს რწმენას.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა სარეფთელი ქვრივის რწმენა და ნდობა?
გამოიკვლიეთ
1) ვის სცემდნენ სიდონელები თაყვანს და რას მოიცავდა მათი თაყვანისმცემლობა? რა გავლენა იქონიეს მათ ისრაელებზე? (it „სიდონი“ ¶6) სურათი 1
Penta Springs Limited/Alamy Stock Photo
სურათი 1: აშთორეთის ფიგურა (დაახლ. ძვ. წ. 1 500 წ.)
2) რა ნათესაური კავშირი ჰქონდათ ეთბაალსა და ახაბს? (it „ეთბაალი“)
3) ფინიკიელები ქალღმერთ აშთორეთის (ასტარტე) თაყვანისმცემლები იყვნენ. როგორ არის დღემდე შემორჩენილი მათი წეს-ჩვეულებები? (g93 11/22 13 ¶1–4)
4) რატომ შეიძლება ქვრივს ელიასთვის ეთქვა: „იმიტომ მოხვედი, რომ დანაშაული გამიხსენო და შვილი მომიკლა?“? (1 მეფ. 17:18; w14 2/15 15 ¶4, 5) სურათი 2
სურათი 2
რას სწავლობთ
მართალია, ქვრივი ბაალის თაყვანისმცემელთა შორის ცხოვრობდა, მაგრამ იეჰოვას ის მხედველობიდან არ გამორჩენია. რას გვასწავლის ეს იეჰოვას შესახებ და როგორი ხედვა უნდა გვქონდეს ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ? (საქ. 10:35)
რისი სწავლა შეუძლიათ სარეფთელი ქვრივისგან მათ, ვისაც ფინანსური პრობლემები აქვთ? სურათი 3
სურათი 3
კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ სარეფთელ ქვრივს?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ სარეფთელ ქვრივს?
გაიგეთ მეტი
სარეფთელი ქვრივის მსგავსად როგორ შეგვიძლია ჩვენც ცხადვყოთ, რომ იეჰოვასთან მეგობრობას მატერიალურ კეთილდღეობაზე წინ ვაყენებთ?
„მოიპოვეთ ღვთის კეთილგანწყობა და იცხოვრეთ მარადიულად!“ (w11 2/15 13–17)
რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვას არაფერი რჩება მხედველობიდან, რასაც მისთვის ვაკეთებთ?