31 ᲞᲐᲢᲐᲠᲐ ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲘ ᲒᲝᲒᲝᲜᲐ
უცხო მიწაზე მან თავისი ღმერთი განადიდა
ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲨᲘ იეჰორამის მმართველობის დროს ხალხიც და მეფეც ეურჩებოდნენ იეჰოვას. ამიტომ მან არ დაიცვა ისინი სირიელებისგან, რომლებიც თავს ესხმოდნენ და აოხრებდნენ იმ მიწას. ერთხელაც სათარეშოდ გამოსულმა სირიელებმა ისრაელიდან ტყვედ ერთი პატარა გოგონა წაიყვანეს. მართალია, მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ მან გაბედულებით დაგვამახსოვრა თავი.
გოგონა სირიის მეფის მხედართმთავრის, ნაამანის, ხელში აღმოჩნდა და მისი ცოლის მსახური გახდა. ალბათ როგორი შეშინებული და დათრგუნული იქნებოდა ოჯახს მოწყვეტილი ეს პატარა გოგონა. თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერს აკეთებდა, რომ ახალ გარემოს შეგუებოდა. ის მალევე შენიშნავდა, რომ ამ ოჯახში სევდას დაესადგურებინა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ოჯახისთავი, ნაამანი, საშინელი დაავადებით, კეთრით, იტანჯებოდა. ეს დაავადება უეჭველად დაუზიანებდა სხეულს და ალბათ განკურნების იმედიც გადაწურული ჰქონდა.
ის წარმართ ხალხს ჰყავდა დატყვევებული, მაგრამ მას არც თანაგრძნობა დაუკარგავს და არც გაბედულება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგონა ამ ოჯახში ტყვე იყო, ნაამანი კი ისრაელის დაუძინებელი მტერი, მას ძალიან შეეცოდა ის და მისი ცოლი. მან იცოდა, რომ გამოსავალი არსებობდა. როგორც ჩანს, მშობლები უყვებოდნენ, რამხელა სასწაულებს ახდენდა იეჰოვა წინასწარმეტყველი ელისეს მეშვეობით. მართალია, ბიბლიიდან არ ჩანს, რომ ამ დრომდე ელისეს ვინმე განეკურნა კეთრისგან, მაგრამ ეს გოგონა დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ნებისმიერი რამის ძალას მისცემდა თავის წინასწარმეტყველს.
მაგრამ ადვილი იქნებოდა ასეთ გარემოში ხმის ამოღება?! ნაამანი რიმონს სცემდა თაყვანს, რომელსაც სირიელები ჭექა-ქუხილის, ქარიშხლისა და კოკისპირული წვიმის ღმერთად მიიჩნევდნენ. მის თაყვანსაცემად ის მეფესაც დაჰყვებოდა ხოლმე რიმონის ტაძარში. რა რეაქცია ექნებოდა ნაამანს იმის მოსმენაზე, რომ ამ ტყვე გოგონას ღმერთს შეეძლო მისი განკურნება? თავისი ღმერთის დამცირებად ხომ არ ჩათვლიდა მის სიტყვებს? ასეთ სიტუაციაში გამბედაობის მოკრება ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა. თუმცა ის ალბათ ბევრს ლოცულობდა და ბოლოს გაბედა კიდეც, რომ თავისი ქალბატონისთვის ეთქვა: „ნეტავ მივიდოდეს ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ის განკურნავდა მას კეთრისგან!“.
ეს ბიბლიაში ჩაწერილი მისი ერთადერთი სიტყვებია. მართალია, მას ბევრი არაფერი უთქვამს, მაგრამ მისმა სიტყვებმა დიდი გავლენა იქონია ამ ოჯახის მომავალზე. ამის შემდეგ ნაამანი თავის ბატონთან, ბენ-ჰადადთან, მივიდა და ყველაფერს მოუყვა. მეფემაც წერილი დაწერა ისრაელის მეფე იეჰორამის სახელზე, რომელშიც მას სთხოვდა, რომ ნაამანი კეთრისგან განეკურნა. ეს წერილი თავად ნაამანს გაატანა.
წარმოიდგინეთ, როგორ მოლოდინში იქნებოდა ნაამანის მთელი სახლეულობა, როცა ის ისრაელში წავიდა. ეს პატარა ისრაელი გოგონაც ალბათ გამუდმებით ლოცულობდა, რომ იეჰოვას ეჩვენებინა ნაამანისთვის, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. დღე დღეს მისდევდა და კვირა კვირას. ბოლოს ნაამანიც დაბრუნდა. წარმოიდგინეთ მისი ოჯახისა და მსახურების რეაქცია, როცა განკურნებულ ნაამანს დაინახავდნენ. მის სხეულს დაზიანებები აღარ ეტყობოდა და კანიც პატარა ბავშვის კანივით განახლებოდა.
ალბათ როგორი გულისყურით უსმენდა ეს გოგონა ნაამანს, რომელიც ისრაელში მომხდარ ამბებს ყვებოდა – როგორ მიიღო ელისემ და როგორ გამოიცადა მისი თავმდაბლობა, შემდეგ კი განრისხებული როგორ დაარწმუნეს მსახურებმა, რომ გაეთვალისწინებინა წინასწარმეტყველის მარტივი მითითებები. ბოლოს იმასაც იტყოდა, რომ მდინარე იორდანესთან წავიდა, იქ შვიდჯერ განიბანა და სრულად განიკურნა დაავადებისგან. თუმცა ყველაზე მეტად ამ გოგონას იმის მოსმენა გაახარებდა, რომ ნაამანი იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა.
ფაქტია, მოვლენები ასე არ განვითარდებოდა, ამ პატარა გოგონას გაბედულება რომ არ მოეკრიბა და იეჰოვასა და მის წინასწარმეტყველზე არ ესაუბრა. მართალია, ჩვენ მისი სახელიც კი არ ვიცით, მაგრამ იეჰოვამ ყველაფერი იცის მის შესახებ და ახალ ქვეყნიერებაში მას მკვდრეთით აღადგენს. თუ ამ გოგონასავით ჩვენც მოვიკრებთ გაბედულებას, ერთ დღესაც შევძლებთ მის გაცნობას, მის სახელსაც გავიგებთ და მთელ მის ისტორიას თავად მისგან მოვისმენთ.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა პატარა ისრაელი გოგონას გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) რატომ შეიძლება შეეშინებინა ისრაელი გოგონა სირიელებს შორის ყოფნას? (w96 5/15 8 ¶3) სურათი 1
Courtesy of Musée du Louvre, Paris
სურათი 1: უძველესი სირიული კერპი; სავარაუდოდ, რიმონის გამოსახულება
2) რა ემართება კეთრით დაავადებულ ადამიანს? (it „კეთრი“ ¶3-5)
3) რატომ თქვა ელისემ უარი ნაამანის ძღვენზე? (w05 8/1 9 ¶2)
4) რატომ არ ეპარებოდა ეჭვი ელისეს, რომ იეჰოვა ნაამანს ცოდვად არ ჩაუთვლიდა, თუ რიმონის წინაშე მუხლს მოიყრიდა? (2 მეფ. 5:18, 19; w05 8/1 9 ¶3) სურათი 2
სურათი 2
რას სწავლობთ
ნაამანი სირიელი მხედართმთავარი იყო, რომელიც ისრაელში შეიჭრა. ამის მიუხედავად, იეჰოვამ განკურნა იგი. როგორ მოწმობს ეს ისტორია იეჰოვას გულმოწყალებასა და მიუკერძოებლობაზე? სურათი 3
სურათი 3
როგორ დაგვეხმარება ისრაელი გოგონას მაგალითი, რომ გაბედულად ვილაპარაკოთ იეჰოვას შესახებ მაშინაც კი, თუ გვეშინია?
კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ პატარა ისრაელ გოგონას გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ ისრაელ გოგონას?a
გაიგეთ მეტი
გაიგეთ, რატომ არ არის პატარა ისრაელი გოგონას სახელი მოხსენიებული ბიბლიაში.
„რატომ არ არის ცნობილი ზოგიერთი ბიბლიური პერსონაჟის სახელი?“ (w13 8/1 10)
გაიგეთ, როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს დაემსგავსონ გაბედულ ისრაელ გოგონას.
a თუ ისრაელი გოგონა ზრდასრულ ასაკში დაიღუპა, მაშინ მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც ის ზრდასრული იქნება.